საფრანგეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო. დიდიე დეშამის გუნდმა სენეგალის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 3:1 გაიმარჯვა და ტურნირზე პირველი სამი ქულა ჩაიწერა. შეხვედრის მთავარი გმირი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც ორჯერ გამოიჩინა თავი.
მატჩის პირველი ნახევარი ფრანგებისთვის რთული გამოდგა. სენეგალელები დაცვაში მყარად იდგნენ და კონტრშეტევებზე სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ. ნიკოლას ჯექსონმა და ისმაილა სარმა ანგარიშის გახსნის რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან, რასაც მეორე ტაიმში ფრანგების გააქტიურება მოჰყვა.
გადამწყვეტი მომენტი შესვენების შემდეგ დადგა, როდესაც მწვრთნელმა მაიკლ ოლისე მოედნის ცენტრში გადაიყვანა. სწორედ ოლისეს ბრწყინვალე პასით ისარგებლა მბაპემ 66-ე წუთზე და ანგარიში გახსნა. მალევე, შეცვლაზე შემოსულმა ბრედლი ბარკოლამ მეორე გოლი გაიტანა და საფრანგეთის უპირატესობა გაზარდა.
სენეგალმა მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში იბრაჰიმ მბაიეს გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა მბაპემ ბოლო სიტყვა თქვა. 96-ე წუთზე მან შორი მანძილიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩს წერტილი დაუსვა.
ისტორიული მიღწევა
ამ მატჩით მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საკუთარი სტატისტიკა 14 გოლამდე გაზარდა. ის ახლა მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება რეკორდსმენ მიროსლავ კლოზეს. გარდა ამისა, 27 წლის თავდამსხმელმა კარიერაში 58-ე გოლი გაიტანა და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მბაპემ უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული პელეს, ლიონელ მესისა და ჟუსტ ფონტენის შედეგები. ფრანგი ვარსკვლავი ამჟამად გერდ მიულერის მაჩვენებელს გაუთანაბრდა და მის წინ მხოლოდ კლოზე და ბრაზილიელი რონალდო რჩებიან.
საფრანგეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრებს ერაყისა და ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. დეშამის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად რჩება, თუმცა მწვრთნელი ფეხბურთელებს ზედმეტი თავდაჯერებულობისგან აფრთხილებს.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.