მექსიკა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაძაბულ ფონზე ხვდება. დედაქალაქ მეხიკოში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა საფრთხე შეუქმნა დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს. მასწავლებელთა პროფკავშირებმა გადაკეტეს მთავარი მოედანი, სადაც ფან-ზონა და ძირითადი ზეიმი იყო ჩანიშნული.

ქვეყნის პრეზიდენტი კლაუდია შინბაუმი კრიტიკის ქარცეცხლშია. მას ადანაშაულებენ ტურნირზე გადაჭარბებულ ხარჯებსა და სოციალური საჭიროებების უგულებელყოფაში. ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობამ პრიორიტეტი ფეხბურთს მიანიჭა და არა განათლებას ან უმუშევრობის პრობლემებს.

პრეზიდენტმა შინბაუმმა აღიარა, რომ შესაძლოა მთავარი მოედანი, „სოკალო“, გახსნისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. მან დასძინა, რომ ალტერნატივის სახით, ქალაქში 18 სხვადასხვა ლოკაცია მოეწყობა, სადაც გულშემატკივრებს მატჩების უფასოდ ყურება შეეძლებათ.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

მექსიკის მასშტაბით, განსაკუთრებით მეხიკოში, გვოადალახარასა და მონტერეიში, უსაფრთხოებას 100 000-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრი უზრუნველყოფს. სტადიონები, აეროპორტები და ფან-ზონები დრონების საწინააღმდეგო სისტემებითა და სათვალთვალო კამერებითაა აღჭურვილი.

გვოადალახარაში, სადაც მიმდინარე წლის თებერვალში კარტელებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა, ადგილობრივი ხელისუფლება სიმშვიდის გარანტიას იძლევა. უსაფრთხოების კოორდინატორ ალფონსო ბრისენიოს თქმით, რეგიონში სიტუაცია კონტროლქვეშაა და ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის ფეხბურთის ფედერაცია ტურნირისგან 3 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება, საზოგადოებრივი უკმაყოფილება კვლავ მწვავეა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები ფლაერებითა და აქციებით შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია.