ბერლინში რუსეთის ახალი ოპოზიციური პარტია „მირნიე სილი როსიის“ („რუსეთის მშვიდობიანი ძალები“) დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანი რუსი ოპოზიციონერების ინტერესების დაცვა და სამომავლოდ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შეცვლაა.

პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ ილია იაშინი აირჩიეს. მის მოადგილეებად ელენა კოტენოჩკინა, კონსტანტინ კოსოვი და ოლგა პროკოპიევა დასახელდნენ.

ახალი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობა ემიგრაციაში მყოფი ფიგურებისგან შედგება, რომელთაც რუსეთში პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნა შეეხოთ. მაგალითად, ელენა კოტენოჩკინას, რომელიც მანამდე იაშინთან ერთად მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის დეპუტატი იყო, რუსეთში არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დაუსწრებლად შვიდწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კონსტანტინ კოსოვი სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მუნიციპალური დეპუტატია, რომელმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვა. ოლგა პროკოპიევა კი რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტს წარმოადგენს და საფრანგეთში მოქმედ ასოციაცია Russie-Libertés-ს ხელმძღვანელობს.

რა მიზნები აქვს ახალ პარტიას?

ილია იაშინის განცხადებით, პარტიის შექმნა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ რუსეთის ოპოზიციამ საერთაშორისო ასპარეზზე სუბიექტის სტატუსი შეიძინოს და ძალაუფლებისთვის ბრძოლა შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ამ ეტაპზე ემიგრაციაშია, იაშინი აცხადებს, რომ პარტიის მომავალი საქმიანობა რუსეთში უნდა გადავიდეს.

პარტიის დაფუძნების გეგმები იაშინმა მიმდინარე წლის მარტში გაასაჯაროვა. ბერლინში გამართული ყრილობა 12-13 ივნისს გაგრძელდა, თუმცა ღონისძიების პირველი დღე დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, იაშინმა კონკრეტული პასუხის გაცემაზე უარი თქვა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ყრილობის ორგანიზებაში ფინანსური დახმარება პროექტის რამდენიმე მხარდამჭერმა გაიღო.