რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფინეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარე „კამენკას“ გარნიზონის მასშტაბურ მოდერნიზაციას ახორციელებს. ფინური მედიაკომპანია „იულეს“ მიერ შესწავლილი თანამგზავრული ფოტოების თანახმად, სამხედრო ობიექტზე ძველი ნაგებობების დემონტაჟი და ახალი კონსტრუქციების მშენებლობა სამ სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს.
გამოცემა Iltalehti-ს ცნობით, გარნიზონის ტერიტორიაზე აქტიურად შენდება ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურა და პოლიგონები. ფინეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და სამხედრო ანალიტიკოსი მარკო ეკლუნდი განმარტავს, რომ მშენებლობები მოიცავს ახალ ყაზარმებს, სროლის უნარების დასახვეწ სასწავლო ცენტრს და მართლმადიდებლურ სამლოცველოს. ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული სამუშაოები პერსონალის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
„კამენკა“ ფინეთის საზღვართან განთავსებული რუსეთის ყველაზე მსხვილი სამხედრო დისლოკაციის ადგილია, სადაც 69-ე გვარდიული მოტომსროლელი დივიზიაა განთავსებული. 1990-იანი წლების ბოლოდან გარნიზონში დაახლოებით 4400 სამხედრო მსახურობდა, თუმცა, „იულეს“ მონაცემებით, ეს რიცხვი შესაძლოა 11 ათასამდე გაიზარდოს.
ფინეთი ნატოს ოფიციალურად 2023 წელს შეუერთდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას მოჰყვა. მედიასაშუალებების ცნობით, 12 ნოემბერს აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთმა უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი ალიანსიდან ფინეთის გასვლასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვდა.






დისკუსია
0 კომენტარი