სომალელი მსაჯი ომარ არტანი, რომელსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობის უფლება არ მისცეს, კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ არტანი 12 აგვისტოს, ზალცბურგში გასამართ უეფას სუპერთასის მატჩს გაუძღვება.

შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდებიან. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა არტანს „გამოცდილი და ნიჭიერი მსაჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დანიშვნა აფრიკული და ევროპული ფეხბურთის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

რა მოხდა აშშ-ში?

არტანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გასულ კვირას გახდა ცნობილი, როდესაც ის მაიამის აეროპორტში ჩაფრინდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არბიტრი „ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებთან ასოცირდება“, რის გამოც მას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

ამ ფაქტის გამო, ფიფამ არტანი მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯთა სიიდან ამოიღო. აღსანიშნავია, რომ არბიტრი თავის სამშობლოში, მოგადიშუში, გმირად დახვდნენ. თავად არტანი აცხადებს, რომ მომხდარის მიუხედავად, ის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს.

უეფას პოზიცია

უეფას განცხადებით, არტანის დანიშვნა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან (CAF) არსებული შეთანხმების ნაწილია. მხარეები ფეხბურთის განვითარებასა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას ისახავენ მიზნად. CAF-ის პრეზიდენტმა პატრის მოტსეპემ აღნიშნა, რომ არტანმა თავისი პროფესიონალიზმით მთელი აფრიკის კონტინენტი გააამაყა.

არტანი 2025 წელს აფრიკის წლის საუკეთესო მსაჯად დასახელდა, რაც მის საერთაშორისო ავტორიტეტს კიდევ უფრო ამყარებს. უეფას სუპერთასი კი მისთვის შესაძლებლობაა, დაამტკიცოს საკუთარი კვალიფიკაცია ევროპულ საფეხბურთო ელიტასთან.