ბიტკოინის ფასის აღდგენა გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, კერძოდ კი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 67 000 დოლარის ნიშნული კვლავ გადალახა, ბაზრის ანალიტიკოსები სიფრთხილეს იჩენენ.

LVRG Research-ის დირექტორი ნიკ რაკი აღნიშნავს, რომ ბიტკოინის იმპულსი კვლავ სუსტია. მისი თქმით, ვაჭრობის მოცულობის კლება და სტაგნაციური on-chain მონაცემები მიანიშნებს, რომ მიმდინარე აღდგენას არ გააჩნია მყარი საფუძველი და ის შესაძლოა მალევე ჩაიფუშოს.

ექსპერტის განცხადებით, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული შეთანხმება ჩაიშლება, წარმოქმნილი გეოპოლიტიკური არასტაბილურობა და ნავთობის ბაზარზე მოსალოდნელი შოკები ბიტკოინისთვის საკმაოდ რთულ და არასტაბილურ გარემოს შექმნის.

ბიტკოინი შესაძლოა თავდაპირველად ჰეჯირების აქტივად იქნას აღქმული, თუმცა შემდგომში გლობალური რისკების ზრდა მას კრიტიკული მხარდაჭერის ზონებისკენ უბიძგებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური კატალიზატორების გავლენას კრიპტოვაზრზე.

ბიტკოინის ფასის ბოლო ზრდა დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით ბოლომდე გასაჯაროებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ის ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ირანის პორტებზე დაწესებული ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს. მომდევნო 60 დღის განმავლობაში ორი ქვეყანა ბირთვულ პროგრამასა და სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ანალიტიკური პლატფორმა Swissblock-ის შეფასებით, ბიტკოინის ფასის იმპულსი და ყიდვა-გაყიდვის წნევის მაჩვენებელი (OBV) ამჟამად „სუსტი მონაწილეობის რეჟიმშია“. მიუხედავად იმისა, რომ 6 ივნისს ფასი 60 000 დოლარს ქვემოთ იყო ჩამოსული, ორშაბათისთვის 67 000 დოლარის დაბრუნებამ ინდიკატორების გაუმჯობესება ვერ გამოიწვია.

ამჟამად ფასის იმპულსი -1-ის დონეზეა, რაც მოძრაობის დაბალ ძალაზე მიუთითებს, ხოლო OBV წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე, -1.7 მილიონთან ფიქსირდება. ისტორიულად, ძლიერი აღდგენის სიგნალი მაშინ ჩნდება, როდესაც ორივე ეს მაჩვენებელი პოზიტიურ ზონაში ბრუნდება. მანამდე კი, ბაზარზე არსებობს რისკი, რომ აქტივი კვლავ დაუბრუნდეს დაბალ ნიშნულებს.

სტატიის გამოქვეყნების პერიოდში ბიტკოინმა კლება უკვე დაიწყო და ფასმა 66 000 დოლარის ნიშნული დათმო.