დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის პლატფორმა Humanity Protocol-ი მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ბლოკჩეინ-უსაფრთხოების კომპანია Quantstamp-ის ანგარიშის თანახმად, ჰაკერებმა პლატფორმიდან 36 მილიონი დოლარის ღირებულების Humanity (H) ტოკენები მიითვისეს. ინციდენტი ორშაბათს მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის ლეპტოპის კომპრომეტირებით დაიწყო. ჰაკერებმა გამოიყენეს დახვეწილი ფიშინგური სქემა, სადაც მავნე დანართი შენიღბული იყო კრიპტოვალუტის ბირჟა Bithumb-ის ტოკენების განბლოკვის განახლებად.
Quantstamp-ის განმარტებით, მავნე პროგრამა, რომელიც ლეპტოპზე დაინსტალირდა, ჰაკერებს მოწყობილობაზე სრულ დისტანციურ წვდომას აძლევდა. პროგრამა ხელმოწერილი იყო სამხრეთ კორეული Hancom-ის ციფრული სერტიფიკატით, რაც, უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეელი კიბერკრიმინალების ხელწერისთვის დამახასიათებელი ნიშანია.
ამ მექანიზმის საშუალებით თავდამსხმელებმა მოახერხეს Humanity Protocol-ის დირექტორის, ჩონგ იი ვაის MetaMask-ის საფულის მონაცემებისა და პრივატული გასაღებების მოპარვა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს კრიპტოაქტივების მიმართ ჩრდილოეთ კორეის მზარდ ინტერესს.
გლობალური კიბერ-დანაშაულის ნაწილი
CertiK-ის მიერ მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფებები 2025 წელს განხორციელებული კრიპტო-ექსპლოიტების შედეგად მიღებული 3.4 მილიარდი დოლარის ზარალიდან, დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე არიან პასუხისმგებელნი. ეს ჯამური ინციდენტების 12%-ს შეადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ კრიპტოვალუტის ქურდობა სახელმწიფო შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად აქცია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დოკუმენტირებული 263 ინციდენტის შედეგად, ამ ჯგუფებმა ჯამში 6.75 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა მიითვისეს.
მიუხედავად საერთაშორისო ბრალდებებისა, ფხენიანი ოფიციალურად უარყოფს კიბერდანაშაულში მონაწილეობას. მაისის დასაწყისში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ „არარსებული კიბერ საფრთხის“ შესახებ მცდარ ნარატივებს ავრცელებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.