კრიპტოვალუტის ბაზარზე ინვესტორების ქცევა იცვლება. SoSoValue-ს მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში ბიტკოინის (BTC) ETF-ებიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გავიდა, ხოლო ეთერიუმის (ETH) ფონდებმა დამატებით 215 მილიონი დოლარი დაკარგეს. ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუციური ინვესტორები ბაზრის ე.წ. „ბენჩმარკ“ აქტივების მიმართ ინტერესს კარგავენ.

კაპიტალის ახალი მიმართულებები

თუმცა, ბაზრიდან ფულის სრულად გასვლაზე საუბარი არ არის. კაპიტალი უბრალოდ უფრო ზუსტად, ახალ ნარატივებზე ორიენტირებულ პროექტებში ნაწილდება. განსაკუთრებული მოთხოვნა დაფიქსირდა Hyperliquid-ის HYPE ტოკენზე დაფუძნებულ სპოტ პროდუქტებზე, რომლებმაც ჯამში 72.38 მილიონი დოლარი მოიზიდეს.

„კაპიტალი კრიპტოვაზრიდან თანაბრად არ გადის. ის გადაინაცვლებს ახალი ნარატივებისკენ და შორდება გადატვირთულ, მსხვილ კაპიტალიზაციიან აქტივებს,“ — აცხადებს BRN-ის კვლევების ხელმძღვანელი ტიმოთი მისირი.

HYPE-ის აღზევება

HYPE ტოკენის პოპულარობა მის ფასსა და ქსელის გააქტიურებას უკავშირდება. ბოლო 10 დღეში ტოკენის ფასი 38-დან 63 დოლარამდე გაიზარდა, რაც თვიურ ჭრილში 59%-იან ზრდას ნიშნავს. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ბიტკოინის ზრდამ მხოლოდ 1% შეადგინა.

Hyperliquid-ის პლატფორმამ ბოლო შვიდ დღეში 13.2 მილიონი დოლარის საკომისიო გამოიმუშავა. ეს მაჩვენებელი მას სექტორის ლიდერებთან, როგორიცაა Tether და Circle, აახლოებს. პლატფორმის შემოსავლების შემდგომი ზრდა მოსალოდნელია Coinbase-თან და Circle-თან გაფორმებული თანამშრომლობის შემდეგ, რაც USDC-ს პლატფორმაზე ძირითად სავალუტო აქტივად აქცევს.

ტრადიციული ფინანსების კონკურენტი

ანალიტიკოსების თქმით, Hyperliquid ტრადიციული სავაჭრო პლატფორმებისა და პროგნოზირების ბაზრების სერიოზულ კონკურენტად ყალიბდება. პლატფორმის HIP-3 ბაზარი უკვე აქტიურად ამუშავებს მილიონობით დოლარის მოცულობის ოპერაციებს ისეთ რეალურ აქტივებზე (RWA), როგორიცაა ნავთობი, ოქრო და აშშ-ის საფონდო ინდექსები.

Artemis-ის მონაცემებით, Hyperliquid-ის ეფექტიანობა მუდმივად იზრდება. პლატფორმა უკვე გასცდა კრიპტოვალუტების საზღვრებს და pre-IPO ბაზრებზე, პროგნოზირების კონტრაქტებსა და 24/7 რეჟიმში აქტივებით ვაჭრობაზე გადადის, რაც ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ყურადსაღები სიგნალია.