ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკები ტოკენიზებული დეპოზიტების ქსელის შექმნას გეგმავენ. პროექტი, რომელიც 2027 წლის პირველ ნახევარში უნდა ამოქმედდეს, საბანკო სექტორის პასუხია ბლოკჩეინ-კომპანიების მზარდ გავლენასა და სტეიბლკოინების პოპულარობაზე.

ახალ ქსელს The Clearing House უხელმძღვანელებს — ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ის წამყვანი ბანკების საკუთრებაშია. მათ შორისაა JPMorgan Chase, Bank of America, Citibank, Barclays, BNY და Wells Fargo. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ უოტსონის თქმით, სისტემა ტრადიციულ საგადახდო არხებს ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურას დაუკავშირებს, რაც 24/7-ზე ანგარიშსწორების საშუალებას იძლევა.

ბანკები ცდილობენ, დეპოზიტები რეგულირებადი საბანკო არხების შიგნით შეინარჩუნონ. ამავდროულად, ისინი მომხმარებელს სთავაზობენ სისწრაფესა და პროგრამირებადობას, რაც აქამდე მხოლოდ კრიპტოაქტივების სექტორისთვის იყო დამახასიათებელი.

კონკურენცია და რეგულაციები

საბანკო გიგანტების ეს ნაბიჯი კრიპტოინდუსტრიასთან დაპირისპირების ფონზე ხდება. ამერიკელი ბანკირები აქტიურად ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას, რომელიც სტეიბლკოინების ემიტენტებს მომხმარებლებისთვის სარგებლის გადახდის უფლებას მისცემდა — მსგავსად ტრადიციული საბანკო ანაბრებისა.

JPMorgan-ის ხელმძღვანელი ჯეიმი დაიმორი საჯაროდ აცხადებს, რომ საბანკო ინდუსტრია კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ე.წ. CLARITY Act-ის მიმდინარე ვერსიის წინააღმდეგ. მისი პოზიციით, კრიპტოკომპანიებმა, რომელთაც სარგებლიანი პროდუქტების შეთავაზება სურთ, საბანკო ლიცენზია უნდა აიღონ.

ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Lydian-ის აღმასრულებელი დირექტორის, კარლ გრიმსტადის თქმით, ბანკები რეაგირებენ იმ ცვლილებებზე, სადაც კაპიტალი უკვე მოძრაობს. მისი შეფასებით, 24/7-ზე პროგრამირებადი ანგარიშსწორება ფინანსურ სექტორში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

უოლ-სტრიტის ტოკენიზაციის ტალღა

ტოკენიზაციისკენ სწრაფვა მხოლოდ დეპოზიტებით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი უკვე აქტიურად მუშაობს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურაზე:

  • ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ (NYSE) პარტნიორობა დაამყარა პლატფორმა Securitize-თან აქციებისა და ETF-ების ტოკენიზაციისთვის.
  • აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) მწვანე შუქი აუნთო Nasdaq-ის საპილოტე პროექტს, რომელიც ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ვაჭრობას ითვალისწინებს.
  • NYSE-ის მფლობელმა კომპანიამ, Intercontinental Exchange-მა (ICE), დააანონსა ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების პლატფორმა, რომელიც მყისიერი ანგარიშსწორებისა და სტეიბლკოინებით დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს კლიენტებს.

გლობალური ტენდენცია უკვე აზიამდეც მივიდა. სამხრეთ კორეის მთავრობამ უკვე გამოაცხადა საპილოტე პროექტი, სადაც ტოკენიზებული დეპოზიტები სახელმწიფო ხარჯების განსახორციელებლად გამოიყენება. სრული დანერგვა 2026 წლის ბოლო კვარტალშია დაგეგმილი.