მაიკლ სეილორის კომპანიის, Strategy-ს პერპეტუალური პრივილეგირებული აქციები (STRC) რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. სამშაბათს აქციის ფასი 3.58%-ით შემცირდა და 91.79 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 100-დოლარიან მიზნობრივ მაჩვენებელს 8.2%-ით ჩამორჩება.

ინვესტორების ნეგატიური რეაქცია პირდაპირ უკავშირდება კომპანიის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ბიტკოინის შესყიდვებთან დაკავშირებით. ბაზრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნაცვლად კრიპტოვალუტის დამატებითი მარაგების შექმნისა, კომპანიამ თავისუფალი კაპიტალი დივიდენდების გასაცემად უნდა გამოიყენოს.

„ბაზარს ურჩევნია, Strategy-მ მეტი ბიტკოინი აღარ შეიძინოს და ნაღდი ფული დივიდენდების გადასახდელად შეინარჩუნოს“, — აცხადებს 10x Research-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკუს ტილენი. მისი თქმით, ტრეიდერებისთვის ბიტკოინის მიმდინარე შესყიდვების კურსი არამდგრადია.

კომპანიამ გასულ კვირას 100 მილიონი დოლარის ღირებულების 1 587 ბიტკოინი შეიძინა, მანამდე კი — 1 550 ერთეული, ანალოგიური მოცულობით. ამ შესყიდვების შემდეგ კომპანიის ბალანსზე უკვე 846 842 ბიტკოინია.

რისკები და კონკურენცია

LVRG Research-ის დირექტორის, ნიკ რაკის განმარტებით, კრიპტოვაზარზე არსებული რისკის შემცირების ტენდენცია (risk-off sentiment) პირდაპირ აისახება ინვესტორების მადაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცვლადი დივიდენდი 12%-ზე მეტ შემოსავლიანობას უზრუნველყოფს, კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებული შეშფოთება მზარდია.

ვითარებას ამძიმებს კონკურენციაც. Strive-ის პერპეტუალური ცვლადი განაკვეთის პრივილეგირებული აქციები (SATA) ამჟამად 100 დოლარად ივაჭრება და ინვესტორებს დაახლოებით 13%-იან ეფექტურ შემოსავლიანობას სთავაზობს, რაც Strategy-ს პროდუქტზე მეტად მიმზიდველია.

შედეგად, კომპანიის მთავარი აქციებიც (MSTR) დაზარალდა. სამშაბათს ისინი 6.35%-ით დაეცა და დღე 122.81 დოლარზე დაასრულა. ბოლო 12 თვის განმავლობაში MSTR-ის ფასი 67%-ით არის შემცირებული.