20 წლის კანადელი ტრენტონ რიჩარდ ჯონსტონი აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კრიპტოვალუტის ფართომასშტაბიან თაღლითობაში. გამოძიების ინფორმაციით, ჯონსტონმა და მისმა თანამზრახველებმა სოციალური ინჟინერიის მეთოდით 13 მილიონი დოლარი მიითვისეს.

დამნაშავეები თავს Google-ის, Trezor-ისა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებად ასაღებდნენ. მათი მიზანი მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტის საფულეებზე წვდომის მიღება იყო. ერთ-ერთმა მსხვერპლმა კალიფორნიაში 13 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი დაკარგა.

ჯონსტონი დანაშაულებრივ სქემას 2024 წლის იანვრიდან ახორციელებდა. თებერვალში მან პირველი წარმატებული თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც 41 000 დოლარის ღირებულების ეთერიუმი მიითვისა. მოპარული თანხის ნაწილი, დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი, მან სულ რაღაც ორ თვეში მაიამისა და ლოს-ანჯელესში ფუფუნების საგნებზე დახარჯა.

გამოძიების ცნობით, მან თანხები ძვირადღირებული ავტომობილების, მათ შორის Lamborghini Aventador SVJ-სა და ორი BMW-ს ქირაობასა და ყიდვაზე დახარჯა. გარდა ამისა, მან კერძო თვითმფრინავი და ძვირადღირებული სახლიც იქირავა.

ჯონსტონის „კარიერა“ მარტში დასრულდა, როდესაც ის პოლიციამ როლს-როისით მოძრაობისას, სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა. ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამფეტამინის აბები აღმოაჩინეს, რამაც გამოძიებას მისი თაღლითური საქმიანობის კვალზე გასვლის საშუალება მისცა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი დანაშაულები კრიპტოინდუსტრიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. „ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ კრიპტოქურდობის უდიდესი ნაწილი არა ტექნიკური ხარვეზებით, არამედ ადამიანური ფაქტორის მანიპულაციით ხდება“, — აცხადებს Cyvers-ის თანადამფუძნებელი დედი ლავიდი.

ჯონსტონმა საპროცესო შეთანხმების ფარგლებში დანაშაული აღიარა. ის ვალდებულია დააბრუნოს მიტაცებული თანხის ნაწილი — 3.7 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი და ეთერიუმი. პროკურატურა მისთვის 51-დან 63 თვემდე პატიმრობას ითხოვს, რითაც მან თავიდან აიცილა 40-წლიანი პატიმრობის საფრთხე.