ოკუპირებულ ყირიმში, ღამის განმავლობაში განხორციელებული შეტევების შედეგად, ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებების სერია უკრაინული დრონების აქტიურობას უკავშირდება.
იერიში რამდენიმე საათს გაგრძელდა. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება შეიქმნა არმიანსკის მიმართულებით, სადაც საგზაო ხიდები დაზიანდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარკუნძულისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე თითქმის აღარ დარჩა დაუზიანებელი ხიდი.
სევასტოპოლში, კოზაჩის ყურის სიახლოვეს, თვითმხილველებმა ძლიერი ნათება და აფეთქების ხმა დააფიქსირეს. შექმნილი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნულმა ე.წ. გუბერნატორმა საწვავის გაყიდვა შეზღუდა. მისი თქმით, სატვირთო ავტომობილებმა ქალაქამდე მიღწევა ვერ შეძლეს, რამაც საწვავის დეფიციტი გამოიწვია.
უკრაინული მხარე ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ლოჯისტიკურ ქსელზე. 6 ივნისს უკრაინის არმიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩონჰარის ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარეს, რაც რუსული ძალების მომარაგებას კიდევ უფრო ართულებს.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ხიდების დაზიანება პირდაპირ აფერხებს ოკუპანტების მიერ სამხედრო ტექნიკისა და საწვავის გადაზიდვას, რაც ნახევარკუნძულის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.