ბოლივუდის წარმატებული არტისტი და მომღერალი ნორა ფატეჰი, რომელიც კანადაში დაიბადა, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით ცერემონიაზე განსაკუთრებული მესიჯით წარდგება. პარასკევს, ტორონტოში დაგეგმილ ღონისძიებაზე, ის ფიფას ოფიციალურ ჰიმნს — „Siir Siir“-ს შეასრულებს.

სიმღერა შთაგონებულია მაროკოს ფეხბურთის გულშემატკივართა პოპულარული შეძახილით, რაც ქართულად „მიდი, მიდი“-ს ნიშნავს. ფატეჰის თქმით, ეს კომპოზიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდებისთვის ერთგვარ გამაერთიანებელ მოწოდებად უნდა იქცეს.

„ეს არის დრო, როდესაც მთელი მსოფლიოდან ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ფოკუსში ექცევიან. მუსიკა და ფეხბურთი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მე მინდოდა ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა ხელოვნებაში მულტიკულტურალიზმის საჩვენებლად და ჩემი პირადი ისტორიის მოსაყოლად“, — განაცხადა არტისტმა BBC-სთან საუბარში.

ფატეჰისთვის ეს მასშტაბური ღონისძიება განსაკუთრებით ემოციურია. მან ტორონტო 22 წლის ასაკში დატოვა, რათა ინდოეთში კარიერა აეწყო და ბოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ ქცეულიყო. ათწლეულის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ასეთ დიდ სცენაზე გამოსვლა მისთვის „სიურეალისტური“ გამოცდილებაა.

Getty Images

„ეს არის გამძლეობის ისტორია. ისტორია ადამიანისა, რომელმაც გაბედა ოცნება. მინდა, ხალხმა ეს მაგალითი გამოიყენოს მოტივაციად, იყვნენ ამბიციურები და მიჰყვნენ საკუთარი გულის სურვილებს“, — ამბობს ის. მომღერალი ამჟამად აქტიურად გადის რეპეტიციებს, რათა მისი გამოსვლა ენერგიული და შთამბეჭდავი იყოს.

კომპოზიცია „Siir Siir“, რომელიც ვეგედრიმთან და სანჯოისთან თანამშრომლობით შეიქმნა, აერთიანებს მაროკოულ, არაბულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. კლიპი გადაღებულია მაროკოს ქუჩებში, რაც სიმბოლურად გვიჩვენებს ფეხბურთის ევოლუციას — უბნის თამაშიდან მსოფლიო არენებამდე.

ფიფას ოფიციალურ პლეილისტში ფატეჰის გარდა სხვა ვარსკვლავებიც არიან, მათ შორის შაკირა და ბერნა ბოი, რომლებმაც მექსიკის გახსნით ცერემონიაზე სიმღერა „Dai Dai“ წარადგინეს. მუსიკალურ სიაში ასევე მოხვდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან Stormzy და The Rolling Stones.

ამასთან, შოტლანდიელმა დიჯეიმ იუენ მაკვიკარმა ჩაწერა სიმღერა „Keep It Tribal“, რომელიც შოტლანდიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას ეძღვნება. თავად ფატეჰი კი მუნდიალზე მაროკოს ნაკრებს გულშემატკივრობს და მიიჩნევს, რომ მათი გუნდი წელს დიდ წარმატებას მიაღწევს.