საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. აბასთუმანში ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ მიღებული რეგულაციებით საერთაშორისო სამართალი დაარღვია.

პაპუაშვილის თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესებით ბრიუსელმა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია. მისი შეფასებით, ეს ქმედება იმ არაკვალიფიციურობის მანიშნებელია, რომელიც დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას ახასიათებს.

„ბრიუსელმა ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია. მათ ყოველგვარ გონივრულობას გადაუხვიეს და სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები. ამ ყველაფერს „დემოკრატიული განვითარების“ სოუსით ანაცვლებენ, რითაც ცდილობენ საკუთარი პირობები უკარნახონ ქვეყანას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის ბიუროკრატიის მოქმედებები მხოლოდ ევროკავშირის რეპუტაციასა და მის მიმართ ნდობას აზიანებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე მიმდინარე დისკუსიებში პოლიტიკური თემების ხელოვნურად შემოტანა მიუთითებს ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა, არსებობს მოლოდინი, რომ ბიუროკრატია არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საბოლოო ჯამში თავად ევროკავშირს დააზიანებს. თუმცა, მან დასძინა, რომ თუ ევროპული მხარე კვლავ გააგრძელებს მსგავს პოლიტიკას, ეს მხოლოდ მათივე სტრატეგიული ინტერესების დაზიანებას გამოიწვევს.