ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მექსიკასთან 2-0 დამარცხებამ სოციალური ქსელები ააფეთქა. თუმცა, გულშემატკივრების რეაქცია მხოლოდ სპორტულ შედეგს არ უკავშირდებოდა.

აფრიკელი გულშემატკივრების უმრავლესობამ, ნაცვლად კონტინენტის წარმომადგენლის მხარდაჭერისა, ღიად დაიჭირა მექსიკის მხარე. ინტერნეტში გავრცელდა მემები მექსიკური კულტურის ელემენტებით, რაც პროტესტის ნაწილად იქცა.

ამ დაპირისპირების მიზეზი სამხრეთ აფრიკაში მიგრანტების მიმართ არსებული აგრესია და ქსენოფობიური ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობებია. გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში ღიად აცხადებდნენ, რომ ვერ უგულშემატკივრებენ ქვეყანას, რომელიც უცხოელებს უსწორდება.

„გინდათ, რომ გიგულშემატკივროთ მხოლოდ იმიტომ, რომ აფრიკელები ხართ?“ — წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე. სხვები კი სარკასტულად აღნიშნავდნენ, რომ მექსიკას მხარს უჭერენ, რათა სამხრეთ აფრიკა ტურნირს მალე გამოეთიშოს და „საკუთარ სამსახურებს დაუბრუნდეს“, რაც მიგრანტების მიმართ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრეტენზიებს ეხმიანება.

AFP via Getty Images

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში, სადაც ადგილობრივებს სამხრეთ აფრიკის ისტორიულ ბრძოლასთან აქვთ კავშირი, მხარდაჭერა მაინც შენარჩუნდა. „ჩვენ სამხრეთ აფრიკის გვერდით ვდგავართ, რადგან ისინი მთელ აფრიკას წარმოადგენენ“, — აცხადებენ ადგილობრივი გულშემატკივრები.

სამხრეთ აფრიკის მთავრობამ „ბაფანა ბაფანას“ შემართება შეაქო და განაცხადა, რომ ნაკრებმა ქვეყანა ღირსეულად წარმოადგინა. თავად სამხრეთ აფრიკელმა გულშემატკივრებმა კი სოციალურ ქსელებში პასუხი გასცეს კრიტიკოსებს და განაცხადეს, რომ ქვეყნის ინტერესებს არ დათმობენ.

სამხრეთ აფრიკაში ბოლო პერიოდში მიგრანტების მიმართ ძალადობრივი ინციდენტები გახშირდა. ანტიმიგრაციულმა ჯგუფებმა არალეგალურად მცხოვრებ უცხოელებს ქვეყნის დასატოვებლად 30 ივნისამდე ვადა მისცეს. შედეგად, ნიგერიამ, განამ, ზიმბაბვემ და მალავიმ უკვე დაიწყეს მოქალაქეების რეპატრიაცია.

პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ მოუწოდა მოქალაქეებს, თვითნებურად ნუ იმოქმედებენ, თუმცა აღიარა, რომ მოსახლეობის შეშფოთება უმუშევრობის მაღალი დონისა და მიგრაციის საკითხებზე სერიოზულ განხილვას საჭიროებს.

Getty Images/BBC