YouTube-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური პროექტი, The Amazing Digital Circus, ტრადიციულ ციფრულ პლატფორმებს გასცდა და კინოთეატრებში გადაინაცვლა. ავსტრალიური სტუდია Glitch Productions-ის მიერ შექმნილმა სერიალმა, რომელიც 2023 წლიდან მილიონობით ნახვას აგროვებს, კინოგაქირავებაში წარმატებული დებიუტი დააფიქსირა.

Deadline-ის ინფორმაციით, სერიალის ფინალური ორმაგი ეპიზოდის, „The Last Act“-ის პრემიერამ აშშ-ის კინოგაქირავებაში პირველ დღეს 6.8 მილიონი დოლარი მოიტანა. ეს მაჩვენებელი აღემატება სხვა ცნობილი YouTube-ბლოგერების მიერ გადაღებული ჰორორ-ფილმების, მათ შორის „The Backrooms“-ისა და „Obsession“-ის შედეგებს.

სერიალის სიუჟეტი ადამიანების ავატარებზეა, რომლებიც ციფრულ სამყაროში არიან გამომწყვდეულნი. პროექტის ვიზუალური სტილი, იუმორი და ემოციური თემატიკა მაყურებელში დიდ ინტერესს იწვევს, რამაც სერიალის ირგვლივ ინტერნეტ-მემების მასშტაბური კულტურა შექმნა.

Glitch Productions-მა კინოჩვენებების სტრატეგია YouTube-ის სხვა ვარსკვლავების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა. მაგალითად, Markiplier-ის სადებიუტო ფილმმა „Iron Lung“ აშშ-ში გამოსვლის პირველ უიქენდზე 17.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფანების ნაწილი უკმაყოფილოა. კრიტიკა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ფინალური ეპიზოდები კინოთეატრებში YouTube-ზე ოფიციალურ პრემიერამდე, 19 ივნისამდე გადის.

„ზოგიერთი ფანი, რომელიც ნაკლებად პრივილეგირებულ გარემოში ცხოვრობს ან კინოთეატრები მათთან ახლოს არ არის, ვერ ახერხებს ჩვენებაზე დასწრებას. მათ ორი კვირა უწევთ ლოდინი, რა დროსაც გარისკულნი არიან, რომ ფინალის დეტალები სოციალურ ქსელებში შეიტყონ და სიუჟეტი გაუფუჭდეთ“, — აცხადებს სერიალის ერთ-ერთი გულშემატკივარი.

მიუხედავად ამისა, კინოთეატრებში დასწრება მაინც პოპულარულია. ლონდონის ერთ-ერთი კინოთეატრის თანამშრომელი ლუკ ფესეი აღნიშნავს, რომ ჩვენებები სავსეა ენთუზიასტი ფანებით, რომლებიც ხშირად პერსონაჟების კოსტიუმებში (cosplay) გამოწყობილები მოდიან.

„The Last Act“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაშიც გადის. მოსალოდნელია, რომ სერიალის გარშემო დისკუსია ფინალის YouTube-ზე გამოქვეყნების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.