ზაფხულის სეზონი მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი გამოწვევებით იწყება. არტისტების კონცერტებზე ბილეთების ფასები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, რის გამოც ბევრი გულშემატკივარი საკუთარი საყვარელი შემსრულებლის ცოცხლად ნახვას ვეღარ ახერხებს. 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ტოპ-100 ტურის ბილეთის საშუალო ფასმა 136 დოლარს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 50%-ით მეტია.

ამერიკელმა მსმენელებმა ფენომენს უკვე „ლურჯი წერტილის ცხელება“ (Blue dot fever) შეარქვეს. ეს ტერმინი Ticketmaster-ის რუკაზე არსებულ ლურჯ წერტილებს უკავშირდება, რომლებიც გაუყიდველ ბილეთებს აღნიშნავს. შედეგად, რამდენიმე ცნობილმა არტისტმა, მათ შორის Post Malone-მა და Zayn-მა, ტურების ან ცალკეული კონცერტების გაუქმება გადაწყვიტეს.

მოთხოვნის K-ფორმის დინამიკა

ექსპერტები ბაზარზე ე.წ. „K-ფორმის“ მოთხოვნას ხედავენ. ეს ნიშნავს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლები კვლავ აგრძელებენ ძვირადღირებულ შოუებზე დასწრებას, ხოლო საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ფენები მზარდი ინფლაციისა და ცხოვრების გაძვირებული ხარჯების ფონზე, გართობაზე უარს ამბობენ.

StubHub-ის მონაცემებით, მოთხოვნა საგრძნობლად განსხვავდება ღონისძიების ტიპის მიხედვით. სტადიონური მასშტაბის შოუებზე, სადაც არტისტები გრანდიოზულ სანახაობას სთავაზობენ, მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. თუმცა, მცირე და საშუალო ზომის დარბაზებისთვის ეს პერიოდი კრიზისულია.

რატომ იზრდება ფასები?

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მუსიკალური ბიზნესის დირექტორის, სემ ჰოვარდ-სპინკის განმარტებით, პრობლემა მხოლოდ არტისტების პოპულარობაში არ არის. მუსიკალური ტურები პირდაპირ არის დამოკიდებული მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. ბილეთები დეფიციტური რესურსია, რაც კომპანიებს ფასების სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ Live Nation და სხვა ბილეთების გამყიდველი კომპანიები უარყოფენ მასობრივ გაუქმებებს და აცხადებენ, რომ შოუების 1%-ზე ნაკლებია გაუქმებული, ბაზარზე კონკურენცია მაინც იზრდება. არტისტების დიდი რაოდენობა ერთდროულად გეგმავს ტურებს, რაც გრაფიკს ტვირთავს და მსმენელს არჩევანის გაკეთებას აიძულებს.

რა სურს დღევანდელ მსმენელს?

მუსიკალური პუბლიცისტი ერიკ ალპერი აღნიშნავს, რომ მაღალი ფასების მიუხედავად, ერთგული ფანები მზად არიან გადაიხადონ ბილეთებში, თუ სანაცვლოდ უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ. თანამედროვე მაყურებელი ითხოვს ქორეოგრაფიას, განათებას და მაღალი ხარისხის ხმას. „ისინი არ იხდიან 150 დოლარს მხოლოდ იმისთვის, რომ უყურონ ჯგუფს, რომელიც სცენაზე უბრალოდ უკრავს“, — აცხადებს ალპერი.