აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC) საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 3.5%-3.75%-ის ფარგლებში დატოვა. ეს გადაწყვეტილება კევინ უორშისთვის, როგორც ფედერალური რეზერვის ახალი თავმჯდომარისთვის, პირველი იყო.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ოფიციალური განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა პერიოდის დოკუმენტებისგან. ის გახდა უფრო მოკლე, კონკრეტული და მასში აღარ ფიგურირებს განაკვეთის შემცირებისკენ მიმართული მოლოდინები. უორშმა, რომელიც დიდი ხანია აკრიტიკებს ფედის „ზედმეტ კომუნიკაციას“, განაცხადა, რომ კომიტეტი უარს ამბობს ბუნდოვან გზავნილებზე.

ფედერალური რეზერვის წევრებმა უარი თქვეს მიმდინარე წელს განაკვეთის შემცირების პროგნოზზე. ახალი ეკონომიკური პროგნოზების თანახმად, წლის ბოლოსთვის განაკვეთი შესაძლოა 3.8%-მდე გაიზარდოს, რაც მიანიშნებს, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობა სულ მცირე ერთი ზრდის აუცილებლობას ხედავს.

კევინ უორშმა განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობს ე.წ. „წერტილოვანი დიაგრამის“ (dot plot) ფორმირებაში, რადგან მას არაეფექტურად მიიჩნევს. მან დააანონსა სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც გადახედავენ ფედის ოპერაციულ მუშაობას, მათ შორის კომუნიკაციის სტილს, პრესკონფერენციებსა და მომავალი პოლიტიკის განსაზღვრის მეთოდოლოგიას.

ინფლაციური წნეხი და ეკონომიკური ხედვა

ფედერალურმა რეზერვმა 2026 წლისთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. საერთო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ს, ხოლო საბაზისო ინფლაცია 3.3%-ს მიაღწევს. ეს ცვლილება უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რამაც ენერგომატარებლების ფასებზე გავლენა მოახდინა.

მიუხედავად ინფლაციური რისკებისა, აშშ-ის შრომის ბაზარი კვლავ მდგრადობას ინარჩუნებს. უმუშევრობის დონე 4.3%-ზე სტაბილურია, რაც კომიტეტს საშუალებას აძლევს, ფოკუსირება ფასების სტაბილურობის დაბრუნებაზე მოახდინოს. უორშის თქმით, ფედერალური რეზერვის ვალდებულება ინფლაციის 2%-იან მიზნამდე დაყვანასთან დაკავშირებით „ერთსულოვანი და ცალსახაა“.

ინტერაქტიული გრაფიკა

ანალიტიკოსები და ბაზრის მონაწილეები, Fed-ის ახალი პოლიტიკის ანალიზის შემდეგ, განაკვეთის ზრდას უკვე ოქტომბრისთვის ელოდებიან. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაასამარებს იმ იმედებს, რომ ფედი მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებდა.