საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით, 1-ლი ივლისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე ძრავიანი მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება.

რა იცვლება მფლობელებისთვის

ახალი წესების მიხედვით, კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების, მოტონავებისა და კატამარანების მფლობელები ვალდებულნი არიან, საკუთარი ტრანსპორტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაარეგისტრირონ. რეგისტრაციამდე აუცილებელია ტექნიკური ინსპექტირების გავლა სააგენტოს მიერ აღიარებულ ორგანიზაციაში.

გარდა რეგისტრაციისა, ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად სავალდებულო ხდება შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა. დოკუმენტი 5 წლის ვადით გაიცემა იმ 18 წელს მიღწეულ პირებზე, რომლებიც სპეციალურ გადამზადების კურსს წარმატებით დაასრულებენ.

ვის არ ეხება ახალი რეგულაციები

მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ ვრცელდება ყველა ტიპის მცურავ საშუალებაზე. კერძოდ, მოთხოვნები არ ეხება:

  • კაიაკებს;
  • პირადი დანიშნულების მცურავ საშუალებებს;
  • 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის მცურავ საშუალებებს, რომლებსაც ძრავი არ გააჩნიათ.

უსაფრთხოება და სტატისტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, 2020-2026 წლებში საქართველოს წყლებში 80 სხვადასხვა სახის ინციდენტი დაფიქსირდა. სწორედ ამ სტატისტიკის შემცირებას და მგზავრთა უსაფრთხოების დაცვას ემსახურება შემოღებული ზომები.

ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. არსებული მონაცემებით, რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო მართვის სერტიფიკატი 38-მა პირმა მიიღო. გადამზადების კურსის გავლა ამ დროისთვის მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაშია შესაძლებელი.

2026 წლის 1-ლი ივლისიდან წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად გაიარონ საჭირო პროცედურები, რათა თავიდან აიცილონ სამართლებრივი სანქციები და უზრუნველყონ საკუთარი და მგზავრთა უსაფრთხოება წყალზე გადაადგილებისას.