ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, Google-მა და Meta-მ, კალიფორნიის სასამართლოში წააგეს მორიგი დავა. ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, კეროლინ კულმა, კომპანიების შუამდგომლობა ახალი სასამართლო პროცესის დანიშვნის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება სარჩელს, სადაც მოსარჩელე ამტკიცებს, რომ YouTube-ისა და Instagram-ის დიზაინი სპეციალურად არის შექმნილი მომხმარებლის ყურადღების მაქსიმალურად მისაპყრობად, რამაც მას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დამოკიდებულება გაუჩინა. ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანიები დაუდევრობაში დაადანაშაულეს და მათ 6 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.
რა არგუმენტები ჰქონდათ ტექნოლოგიურ კომპანიებს?
Google და Meta აპელირებდნენ ე.წ. „სექცია 230-ზე“, რომელიც აშშ-ის ფედერალური კანონით, პლატფორმებს მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტზე პასუხისმგებლობისგან იცავს. თუმცა, მოსამართლე კულმა ეს არგუმენტი არ გაიზიარა.
მოსამართლის განმარტებით, საქმე ეხება არა კონტენტს, არამედ პლატფორმების დიზაინსა და ფუნქციურ მახასიათებლებს. ნაფიც მსაჯულებს სასამართლო პროცესის განმავლობაში არაერთხელ მიეთითათ, რომ მათ ყურადღება არ გაემახვილებინათ კონტენტზე, არამედ შეეფასებინათ თავად სისტემის მოწყობა.
„არსებობს არსებითი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელე დაზარალდა Instagram-ის დიზაინის მახასიათებლებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის კონტენტი იტვირთებოდა პლატფორმაზე“, — აღნიშნა მოსამართლე კულმა თავის გადაწყვეტილებაში.
რა პოზიცია აქვთ მხარეებს?
Meta-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მათი თქმით, მოსარჩელის იურიდიული სტრატეგია მიმართულია კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციაზე და ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს Google-შიც. კომპანიის სპიკერმა, ხოსე კასტანიედამ დაადასტურა, რომ ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. მეორე მხრივ, მოსარჩელის ადვოკატი, მარკ ლანიერი, კმაყოფილია სასამართლოს ვერდიქტით. ლანიერის თქმით, ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები „მთასავით მაღალი იყო“, ამიტომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი პრეცედენტია ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რადგან ის პირდაპირ უტევს მათ ბიზნეს-მოდელს, რომელიც მომხმარებლის ეკრანთან მაქსიმალურად დიდხანს გაჩერებაზეა გათვლილი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.