SpaceX-მა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გასვლამდე, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IPO-ს სტატუსს ატარებს, საინვესტიციო პროსპექტი გამოაქვეყნა. 300-გვერდიან დოკუმენტში ილონ მასკის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, კოსმოსური ამბიციები და უჩვეულო კორპორატიული გადაწყვეტილებებია დეტალურად გაწერილი.
მარსის კოლონიზაცია და მილიარდიანი ბონუსი
კომპანიის მთავარი მიზანი კვლავ მარსზე ადამიანთა მუდმივი დასახლების შექმნა რჩება. დოკუმენტში საუბარია „სახეობრივი რედუნდანტობის“ აუცილებლობაზე, რათა კაცობრიობამ დედამიწის გარეთაც შეძლოს არსებობა. ეს არ არის მხოლოდ თეორიული ხედვა: ილონ მასკი კომპანიისგან 1 მილიარდ აქციას მიიღებს, როგორც კი მარსზე მინიმუმ 1 მილიონი ადამიანისგან შემდგარი დასახლება აშენდება.
პროსპექტში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიზუალიც, რომელიც მარსზე მცხოვრებ ოჯახს და იქ გამართულ ინფრასტრუქტურას ასახავს. თუმცა, კომპანია ინვესტორებს აფრთხილებს, რომ „სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების გაგება“ და კოსმოსური ექსპანსია მაღალი ფინანსური რისკების შემცველია.
Tesla და უჩვეულო ხარჯები
დოკუმენტი ადასტურებს, რომ SpaceX და Tesla ფინანსურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული. SpaceX-მა Tesla-ს პროდუქტებში, მათ შორის Megapack-ის ბატარეებში, ასობით მილიონი დოლარი დახარჯა. განსაკუთრებით აღსანიშნავია Cybertruck-ების შესყიდვა – 2025 წელს კომპანიამ 131 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტრომობილები შეიძინა, რაც, სავარაუდოდ, სულ მცირე 1 300 ერთეულს შეადგენს.
გარდა ამისა, პროსპექტიდან ირკვევა, რომ SpaceX-ის ხარჯები მასკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ყოველწლიურად იზრდება. 2026 წლის პირველ სამ თვეში ამ მიზნით უკვე 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
Grok-ის სკანდალი და იურიდიული რისკები
ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამაფრთხილებელი ნაწილი xAI-ს ეხება. პროსპექტში აღიარებულია, რომ Grok-ის ჩატბოტის „გაბედულმა“ და „უკონტროლო“ რეჟიმებმა შესაძლოა კომპანიას სერიოზული რეპუტაციული და იურიდიული ზიანი მიაყენოს. საუბარია დეზინფორმაციის გავრცელებასა და არასრულწლოვნების მონაწილეობით სექსუალური შინაარსის გამოსახულებების გენერირებაზე, რის გამოც კომპანია უკვე რამდენიმე სამართლებრივი დავის საგანია.
ფინანსური გამოწვევები
მიუხედავად გრანდიოზული გეგმებისა, ფინანსური რეალობა მძიმეა. SpaceX-მა 2025 წელს 4.9 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 4.3 მილიარდი დოლარია. კომპანია პირდაპირ აცხადებს, რომ მომავალშიც შეიძლება ვერ მიაღწიოს მომგებიანობას, რადგან ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა დიდ დანახარჯებს მოითხოვს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.