ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი კერძო ტურისტული ავიაკომპანია ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. ტურიზმის მინისტრი ასტამურ ლოგუა ავრცელებს.

ახალი ავიაკომპანიის ავტოპარკი ვერტმფრენებითა და მსუბუქი საფრენი აპარატებით არის დაკომპლექტებული. მათი ძირითადი დანიშნულება ტურისტების გადაყვანა იქნება იმ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებთან, რომლებიც სახმელეთო ტრანსპორტით ძნელად მისადგომია.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, დაგეგმილია სპეციალური საავიაციო მოედნების მოწყობაც. სწორედ ამ ლოკაციებზე განთავსდება კერძო საავიაციო კომპანიების ბაზები, რაც რეგიონში საჰაერო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ტურიზმის მინისტრის თქმით, აფხაზეთის მთიანი ნაწილის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად აუთვისებელია. ამ მიზნით, მთის ტურიზმის სფეროში პროფესიონალი ინსტრუქტორების გადამზადებაც იგეგმება, რათა რეგიონში ექსტრემალური და საფეხმავლო ტურიზმის განვითარება უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი მიმდინარე წელს აფხაზეთში ტურისტების ნაკადის 2 მილიონამდე ზრდას ელოდება, რისთვისაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.