ალჟირი ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყანამ ოფიციალურად დაიწყო მასშტაბური პროექტის, Trans-Saharan Gas Pipeline-ის მშენებლობა. გაზსადენი, რომელიც ნიგერიას, ნიგერსა და ალჟირს დააკავშირებს, მიზნად ევროპის ბაზარზე რუსული გაზის ჩანაცვლებას და ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას ისახავს.
პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია: გაზსადენი ჯამში 4 128 კილომეტრზე გაიჭიმება. მარშრუტი ნიგერიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ვარიდან იწყება და ნიგერის გავლით ალჟირის გაზის ჰაბამდე, Hassi R'Mel-მდე მიდის. სწორედ ამ ჰაბის საშუალებით გახდება შესაძლებელი აფრიკული გაზის მიწოდება ხმელთაშუა ზღვის საექსპორტო ტერმინალებისთვის, რაც შემდგომ უკვე ევროპულ ბაზარზე აისახება.
ტექნიკური დეტალების მიხედვით, ალჟირული მონაკვეთი 1 210 კილომეტრს შეადგენს და ნიგერის საზღვრიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილამდე იქნება განლაგებული. ნიგერი საკუთარი, 720-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას 2027 წლის დასაწყისიდან გეგმავს. სრული დატვირთვით მუშაობისას, მილსადენმა ევროპას წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს.
პროექტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროპამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზა აირჩია. ევროპული ქვეყნები აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ წყაროებს, რათა მოსკოვის შანტაჟის რისკები მინიმუმამდე დაიყვანონ.
აღსანიშნავია, რომ ტრანს-საჰარულ გაზსადენს კონკურენციას კიდევ ერთი გლობალური პროექტი, Nigeria–Morocco Gas Pipeline უწევს. ეს უკანასკნელი დასავლეთ აფრიკის ატლანტიკური სანაპიროს გასწვრივ გეგმავს გაზის ტრანსპორტირებას, რაც აფრიკულ ენერგორესურსებზე კონკურენციას კიდევ უფრო ამწვავებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.