Amnesty International-მა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „საქართველო – რეპრესიების ანატომია: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“. ორგანიზაციის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ უმოკლეს ვადაში ჩამოაყალიბა რეპრესიების დახვეწილი არქიტექტურა.
ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებამ შექმნა კოორდინირებული სისტემა, სადაც დეზინფორმაცია, შეზღუდვები, პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასამართლო პროცესები ერთმანეთს აძლიერებს. Amnesty-ს ცნობით, ცილისმწამებლური კამპანიები კრიტიკოსებს მტრებად წარმოაჩენს, ხოლო კანონები განსხვავებულ აზრს სამართალდარღვევად აქცევს.
რეპრესიების ანატომია
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულიდან და 28 ნოემბრის შემდგომ პერიოდში, ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტები ოპონენტების ჩასახშობად გამოიყენა. ათასობით მოქალაქე დააკავეს, ასობით ადამიანი კი ფიზიკური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
„150-ზე მეტი ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების შედეგად დააპატიმრეს. სასამართლო სისტემა კი გადაიქცა უსამართლობის ბრმად დამტკიცების ინსტრუმენტად, რომელიც რეპრესიებს კანონიერების იერსახეს აძლევს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა
Amnesty International აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მუდმივი თავდასხმის ქვეშაა. უფლებადამცველებს ემუქრებიან, უყინავენ ანგარიშებს და აწარმოებენ გამოძიებებს. ჟურნალისტები კი იძულებულნი არიან, „გადარჩენის რეჟიმში“ იმუშაონ.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, შეწყვიტოს აქტივისტების დევნა და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება ძალის გადამეტების ყველა ფაქტზე. საერთაშორისო პარტნიორებს კი მოუწოდებენ, შეაჩერონ საქართველოსთვის საპოლიციო აღჭურვილობის მიწოდება და გააძლიერონ მონიტორინგი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.