ბერა ივანიშვილმა ემინ აგალაროვის პოდკასტში საქართველოზე, როგორც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა მისთვის არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ საკუთარი მემკვიდრეობა და სისხლია.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ მთლიანობად და ოჯახად აღიქვამს. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ პოლიტიკური შეხედულებები მოქალაქეებს შორის გამყოფ ხაზად არ უნდა იქცეს.

„საქართველოს, როგორც ოჯახს და ერთ მთლიანობას, ისე ვუყურებ – მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ინტერვიუს დროს მან ყურადღება გაამახვილა გლობალურ პრობლემებზეც, კერძოდ, საინფორმაციო სივრცეში არსებულ პოლარიზაციაზე. მისი თქმით, ინტერნეტში გავრცელებული პროპაგანდა ადამიანებს პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით ჰყოფს, რაც, მისი აზრით, დამღუპველია.

„გულით ვამბობ, შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მე ყველა ქართველი მიყვარს“, - დასძინა მან.

საუბრისას ბერამ საკუთარ ოჯახზე და მამის, ბიძინა ივანიშვილის როლზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თავს იღბლიანად თვლის იმ გარემოს გამო, რომელშიც გაიზარდა.

ბერა ივანიშვილის თქმით, მამა მისთვის მუდმივი მენტორია, რომელიც მას ყველა წამოწყებაში მხარს უჭერდა და უჭერს. ეს ოჯახური კავშირი, მისი თქმით, გადამწყვეტი იყო მისი პიროვნული ჩამოყალიბებისთვის.