რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ დაღესტანში, კერძოდ კიზილიურტის რაიონში, ინფრასტრუქტურული ავარია მოხდა. მთავარ გაზსადენზე სულ სამი აფეთქება დაფიქსირდა, რასაც ხანძრის გაჩენა მოჰყვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში საცხოვრებელი სახლები მდებარეობს. სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, კიზილიურტის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, ტერიტორიიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია განეხორციელებინა.

ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე დაღუპულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებასა და გაზსადენზე დაზიანების მასშტაბების დადგენას ცდილობენ.