„დარიალის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის ნეიტრალურ ზონაში უკრაინის 17 მოქალაქე იმყოფება. ისინი რუსეთიდან დეპორტირებულნი არიან, თუმცა საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალიდური დოკუმენტების არქონას და უსაფრთხოების ინტერესებს ასახელებს.

ადვოკატ დარია სამადუროვას ინფორმაციით, მოქალაქეები უკიდურესად მძიმე, ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან. მათი თქმით, მათ არც რუსეთში და არც უკრაინაში დაბრუნება სურთ, რადგან უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში საომარ მოქმედებებში ჩართვის შიში აქვთ.

გაუსაძლისი ყოფა ნეიტრალურ ზონაში

საზღვარზე მყოფი 35 წლის ნიკოლაი კისილი, რომელიც იქ უკვე 11 თვეა იმყოფება, ჰყვება, რომ პირობები ყოველდღიურად უარესდება. მისი თქმით, კვება არასაკმარისია, მოხალისეების დახმარება კი იშვიათია.

„აქ საშინელი პირობებია, ანტისანიტარია. კვება, როგორც ასეთი, არ არის. ადრე წითელი ჯვარი გვეხმარებოდა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, არაფერი მოუტანიათ. დღეში ერთხელ თუ ვჭამთ“, - ამბობს კისილი.

მისივე განცხადებით, ჯგუფში არიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, რომლებსაც სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებათ. კისილი ამბობს, რომ მისი მიზანი მესამე ქვეყანაში გამგზავრება ან საქართველოში ლეგალური სტატუსის მიღებაა.

სახელმწიფოს პოზიცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პირებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ აქვთ, რადგან მათ კრიმინალური წარსული აქვთ და მძიმე დანაშაულებისთვის არიან ნასამართლევები. უწყება აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მათი სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნების გზებზე მუშაობს.

ადვოკატი დარია სამადუროვა ამ არგუმენტს იურიდიულად დაუსაბუთებელს უწოდებს, რადგან პირებს სასჯელი უკვე მოხდილი აქვთ. სახალხო დამცველის აპარატი საქმის კურსშია, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ანალოგიურ ვითარებაში მყოფი 65 უკრაინელი მოქალაქე უკრაინაში დაბრუნდა. დარჩენილი 17 პირი კი ამ დრომდე სასაზღვრო ზონაში რჩება.