საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც 10 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა და დაეცა, სამართლებრივი დავის საგანი ხდება. ბავშვის დედა, თამარ აკობია, აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ აკადემიის პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს.
ინციდენტი 9 ივნისს, „პირველ არხზე“ „სიმღერის აკადემიის“ გამოსვლისას მოხდა. კადრებიდან ჩანს, რომ ბავშვის წაქცევის შემდეგ, ნომერი შეუფერხებლად გაგრძელდა და არასრულწლოვანი იატაკზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იწვა, რასაც მაყურებლის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
მშობლის პოზიცია და ბრალდებები
თამარ აკობიას თქმით, მისი შვილი ამჟამად ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს. დედა აღნიშნავს, რომ ბავშვს თითები აქვს ნაღრძობი და ფიქსატორით მკურნალობს. თუმცა, ფიზიკურ ტრავმაზე მეტად, მშობელი აკადემიის ხელმძღვანელობის უმოქმედობას უსვამს ხაზს.
„ჩვეულებრივ ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. წარმოიდგინეთ შეგრძნება, უყურებ, როგორ არ ეხმარებიან შენს შვილს, როცა გადამწყვეტია წუთები“, – აცხადებს აკობია.
მშობელი ასევე ამბობს, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ ბოდიშის მოხდის ნაცვლად, „შეტევაზე გადმოსვლა“ არჩია. მისივე განცხადებით, ბავშვი ეთერში იმიტომ დატოვეს, რომ „დანაშაული დაეფარათ“ და მაყურებლისთვის ეჩვენებინათ, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.
აკადემიისა და მაუწყებლის განმარტებები
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და „სიმღერის აკადემიამ“ გაავრცელეს. მაუწყებლის მტკიცებით, არხის ვერცერთმა თანამშრომელმა პირდაპირ ეთერში ბავშვის დაცემის მომენტი ვერ შეამჩნია.
„სიმღერის აკადემია“ კი განმარტავს, რომ სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელებმა წაქცევის ფაქტი ვერ დაინახეს. თუმცა, ბავშვის დედა ამ არგუმენტებს არ ენდობა და აცხადებს, რომ აკადემიასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.
ამ დროისთვის „პირველები“ ცდილობს აკადემიის ხელმძღვანელ ლევან ქუთათელაძესთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.