რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში მოქმედმა ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე მირზა ვანაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს.

რუსული სახელმწიფო მედიის, „რია ნოვოსტის“ ცნობით, ვანაძეს ბრალი „დაქირავებული მებრძოლის“ სტატუსით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მონაწილეობის გამო წაუყენეს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2022 წელს ჩავიდა.

რა დეტალებია ცნობილი?

გამოძიების ვერსიით, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებენ, მირზა ვანაძემ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ მიიღო იარაღი და ეკიპირება. მას ბრალად ედება საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ.

საოკუპაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანაძე საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი. სასჯელს ის ე.წ. მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა იხდიდეს, თუმცა, ვინაიდან განაჩენი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი, მისი პრაქტიკული აღსრულება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მსგავსი განაჩენები ქართველების წინააღმდეგ

ეს შემთხვევა პირველი არ არის. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ხელისუფლება უკვე გარკვეული პერიოდია სისტემატურად გამოსცემს მსგავს განაჩენებს იმ ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ძალებს 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეუერთდნენ.

ბოლო თვეების განმავლობაში, ადგილობრივმა ე.წ. სასამართლოებმა არაერთ ქართველ მოხალისეს გამოუტანეს იდენტური განაჩენი — 14 წელი პატიმრობა დაუსწრებლად. ეს პრაქტიკა რუსული საოკუპაციო პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი მოხალისეების დისკრედიტაციას.