ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესები, რომლებიც აქამდე თვეში ერთხელ იმართებოდა, გაცილებით ინტენსიური გახდება.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას აცხადებს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 23 ივნისისთვის დაგეგმილი სხდომა 11 ივნისს გადმოიტანა.
ამავე სხდომაზე განისაზღვრა პროცესების ახალი განრიგიც. 18 ივნისის შემდეგ საქმის განხილვა ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს გაგრძელდება. ადვოკატის თქმით, მხარეებს მანამდე წინასწარ ჰქონდათ გაწერილი ივნისისა და ივლისის თვეები, სადაც თვეში მხოლოდ ერთი სხდომა იყო გათვალისწინებული.
„23 ივნისს და შემდეგ 22 ივლისს გვქონდა მონიშნული, ეს გვქონდა წინასწარ გაწერილი. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს და 11 ივნისს გადმოანიშნინა. არგუმენტი იყო – „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება“, – აცხადებს ირაკლი ჩომახაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომების სიხშირე საქმის დაწყებიდან მოყოლებული თანდათანობით იცვლებოდა. თებერვალში დაწყებული არსებითი განხილვები, მარტსა და აპრილშიც მსგავსი ტემპით მიმდინარეობდა.
საკითხს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება პროცესების კვირაში ორჯერ ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საქმის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად.
პროცესების ინტენსიფიკაციის პარალელურად, საზოგადოებაში კვლავ აქტუალური რჩება საქმის გარშემო არსებული კრიტიკა. კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომების სრულად დახურვის პრაქტიკას კრიტიკულად აფასებს.
ასევე, საზოგადოების ინტერესს იწვევს მოსამართლე თამარ მახარობლიძის წარსული განცხადებები იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა საქმესაც ის ამჟამად განიხილავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.