თბილისში, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ხოშტარიას გათავისუფლებას ან მისი კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. პოლიტიკოსს აღენიშნება სახსრების ძლიერი ტკივილი, გადაადგილების გაძნელება და ხელის მოძრაობის შეზღუდვა, რაც მას წერაშიც კი უშლის ხელს.

რა დიაგნოზი აქვს ხოშტარიას

ხოშტარიას მეგობარმა, ნინო ორდენიძემ აქციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსს რევმატიული ართრიტი და ავტოიმუნური დაავადება აწუხებს. მისი თქმით, ციხეში ყოფნის პერიოდში დაავადებებმა პროგრესირება დაიწყო, რის გამოც ხოშტარია დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებს და დამხმარე ჯოხს იყენებს.

„უნდა მოხდეს სწორი კვლევების ჩატარება და პროტოკოლის გათვალისწინებით მკურნალობის დაწყება, რადგან შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგი დადგეს“, - აცხადებს ორდენიძე.

პენიტენციური სამსახურის პოზიცია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს. უწყების განცხადებით, პატიმარი ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს. მათივე მტკიცებით, ხოშტარიას ქრონიკული დაავადებები დაწესებულებაში მოთავსებამდე იყო დადგენილი და მას შესაბამისი სამედიცინო ტაქტიკა უკვე დაგეგმილი აქვს.

ხოშტარიას პირველი კომენტარი

საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯარო მსჯელობის დაწყების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არ აპირებს რუსულ ინსტიტუტებთან რაიმე სახის მოლაპარაკებას ან მათთვის რამის თხოვნას.

„ტკივილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“, - წერს ხოშტარია ფეისბუქზე.

18-თვიანი პატიმრობა ბანერზე წარწერისთვის

ელენე ხოშტარია 18-თვიან პატიმრობას იხდის თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანების“ გამო. პოლიტიკოსი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

აღნიშნულ საქმეს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. Amnesty International-ი ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრის დასჯად აფასებს, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მას სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითს უწოდებს.