„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის მეათე თვეს საგანგაშო ნიშნულს აღწევს. ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ხოშტარიას ჯანმრთელობა ეტაპობრივად და შესამჩნევად გაუარესდა.
რა სიმპტომები აღენიშნება პოლიტიკოსს?
ადვოკატის ინფორმაციით, ხოშტარიას აღენიშნება სახსრების ძლიერი ტკივილი და მოძრაობის სერიოზული შეზღუდვა. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მას ხშირად უჭირს წერა, გადაადგილებისთვის კი სპეციალური ჯოხის გამოყენება უწევს.
თავად ელენე ხოშტარია თავდაპირველად არ გეგმავდა ჯანმრთელობის პრობლემების საჯაროდ გატანას, თუმცა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან რეაგირების არარსებობამ ის აიძულა, დეტალები გაესაჯაროებინა.
ექიმების გაფრთხილება და პენიტენციური სამსახურის პოზიცია
დაცვის მხარემ კონსულტაცია გაიარა თურქეთის კლინიკებთან, სადაც ხოშტარიას მკურნალი ექიმები მუშაობენ. სპეციალისტების შეფასებით, დროული და ეფექტური სამედიცინო ჩარევის გარეშე, პატიმრის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, მათ შორის შესაძლოა, მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგოს.
„თურქი ექიმების რეკომენდაციები ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივაწოდეთ მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა“, - აცხადებს ადვოკატი.
შოთა თუთბერიძის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევები არის არაეფექტური და სპორადული. ადვოკატმა უკვე ორი კვირის წინ მიმართა დაწესებულებას მკურნალობის გეგმის შედგენის მოთხოვნით, თუმცა პასუხი კვლავ არ მიუღია.
ამასთან, ხოშტარია არ გამოთქვამს პრეტენზიებს რიგითი ექთნებისა და ოფიცრების მიმართ, თუმცა მკაცრად აკრიტიკებს დაწესებულების დირექციასა და სამედიცინო ხელმძღვანელობას გულგრილობისთვის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.