პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. გუნცაძე შვილის პატიმრობას „ტყუილს“ უწოდებს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას პირადად ივანიშვილს აკისრებს.
„როგორც არასოდეს, ისე მინდა მისწვდეს ჩემი ხმა ბიძინა ივანიშვილს! ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!“ - წერს ირინა გუნცაძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატის ინფორმაციით, საგანგაშოა. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ პოლიტიკოსს სახსრების ძლიერი ტკივილები აწუხებს, რაც მას გადაადგილებაში სერიოზულ შეზღუდვებს უქმნის.
„მას აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი და მოძრაობის გაძნელება. პერიოდულად სახსრების მოძრაობა ისე იზღუდება, რომ წერასაც კი ვერ ახერხებს, გადაადგილებისთვის კი ჯოხის გამოყენება უწევს“, - აცხადებს ადვოკატი.
სპეციალისტების შეფასებით, რომლებიც ხოშტარიას მდგომარეობას აკვირდებიან, აუცილებელია დროული და ეფექტური სამედიცინო ჩარევა. თურქი ექიმების დასკვნით, მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკოსის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. არსებობს რისკი, რომ მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგოს და ეტლზე გახდეს დამოკიდებული.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული სამედიცინო რეკომენდაციები და თურქი სპეციალისტების დასკვნები მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს ჯერ კიდევ ორი თვის წინ გადაეცა, თუმცა, დაცვის მხარის თქმით, ადეკვატური რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.