ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მორიგი, რიგით მერვე რეზოლუცია მიიღო. „ქართული ოცნების“ შეფასებით, დოკუმენტის შინაარსი წინა წლების ჩანაწერების იდენტურია და ის მხოლოდ კენჭისყრის თარიღებით განსხვავდება.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტები ფაქტობრივად ერთი „ჩარჩო-სცენარით“ იწერება. მათი თქმით, ბრიუსელი არ აანალიზებს რეალურ ფაქტებს და მხოლოდ წინასწარ მომზადებულ პოლიტიკურ ნარატივს ეყრდნობა.

რა მოთხოვნებს აყენებს ევროპარლამენტი?

რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებული რეზოლუცია კვლავ მოიცავს მკაცრ მოწოდებებს, რომლებიც წლებია, უცვლელი რჩება:

  • დემოკრატიული უკუსვლის შეფასება და ახალი არჩევნების მოთხოვნა;
  • ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება;
  • მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლება;
  • ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირება;
  • ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვა.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში ჩნდება ახალი მოწოდებებიც, რაც მათთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ევრობიუროკრატები მიზნად არა ქვეყნის განვითარებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერას ისახავენ.

პოლარიზაცია და „ორმაგი სტანდარტები“

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოში საზოგადოების ხელოვნურ პოლარიზაციას უწყობენ ხელს. მათი თქმით, ბრიუსელი ცდილობს დასაჯოს ყველა, ვინც არ იზიარებს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ხელისუფლება ხაზს უსვამს ე.წ. ორმაგ სტანდარტებსაც. მმართველი გუნდის განცხადებით, ევროპარლამენტარები ერთი მხრივ, საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე, მეორე მხრივ კი, კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. ამავდროულად, დღის წესრიგიდან არ იხსნება გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონმდებლობა, რომლის გაუქმებასაც ევროპარლამენტი კვლავ მოითხოვს.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რეზოლუციის შინაარსთან დაკავშირებით ხელისუფლების კრიტიკას პასუხობენ, თუმცა, როგორც მმართველი გუნდი აღნიშნავს, მათ არ აქვთ მკაფიო პასუხი, თუ რატომ ხდება საზოგადოების სეგრეგაცია პოლიტიკური ნიშნით.