ევროპარლამენტმა 17 ივნისს საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 436-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 145 წავიდა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, დაუწესოს „მიზნობრივი პერსონალური სანქციები“ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს.

დემოკრატიული უკუსვლა და არალეგიტიმურობა

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მკვეთრად გაუარესდა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია არათუ შეჩერდა, არამედ სრულად შემოაბრუნა ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და, შესაბამისად, არალეგიტიმურად მიიჩნევს როგორც პარლამენტს, ისე მის მიერ დანიშნულ ხელისუფლებას.

დისინფორმაცია და მედიის როლი

რეზოლუცია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიასაშუალებების — „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2-ის“ — საქმიანობას. ევროპარლამენტი მათ ადანაშაულებს სისტემურ დისინფორმაციასა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ პროპაგანდაში. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გაითვალისწინონ დიდი ბრიტანეთის მაგალითი და აღნიშნული მედიასაშუალებებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ დააწესონ სათანადო შეზღუდვები.

საგარეო პოლიტიკური ვექტორი

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ევროკავშირის პოზიციებთან შესაბამისობაში სულ უფრო ნაკლებად მოდის. ევროპარლამენტარების შეფასებით, „ქართული ოცნება“ სტრატეგიულად უხვევს ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან და თანამშრომლობას აძლიერებს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური სახელმწიფო კომპანიების ჩართულობის გამო.

რეზოლუციაში ასევე საუბარია ირანის მზარდ გავლენაზე და იმ რისკებზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას სანქციების გვერდის ავლისთვის. ევროპარლამენტი კვლავ მოითხოვს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და იმ კანონმდებლობის გაუქმებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად.