ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სამართალდამცავი პრაქტიკის „სიღრმისეული გადახედვისკენ“ მოუწოდა. 9-11 ივნისს გამართული სესიის შემდეგ, სტრასბურგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრების თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს.
კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებსაც საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტი“ აქვს. სტრასბურგის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოასწოროს ის პრაქტიკა, რომელიც იწვევს დემონსტრანტების თვითნებურ ადმინისტრაციულ დაკავებასა და მათ მიმართ გადაჭარბებული სანქციების გამოყენებას.
ევროსაბჭო ითხოვს, რომ რეფორმების პროცესი წარიმართოს ღია კონსულტაციებით, მათ შორის ევროპის საბჭოს ექსპერტულ ორგანოებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვენეციის კომისიას ხშირად აკრიტიკებს და მას პოლიტიკურად მიკერძოებულად მოიხსენიებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო საზოგადოების როლზე. კომიტეტის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქციებს აკვირდებიან და სამართლებრივ დახმარებას უწევენ მონაწილეებს, მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა ჰქონდეთ. ეს მოწოდება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში მიღებულ კანონებს, მათ შორის „აგენტების კანონს“, რომლის გამოც ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ.
სტრასბურგი საქართველოსგან ითხოვს დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკის შესახებ, რომელიც უკავშირდება დემონსტრაციების მონაწილეთა დასჯას. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაერთიანებულ რამდენიმე საქმეს, მათ შორის „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც „გაძლიერებული ზედამხედველობის“ ქვეშ იმყოფება.
მინისტრთა კომიტეტის ძირითადი მოთხოვნები:
- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან.
- არაპროპორციული დაკავებებისა და ფულადი ჯარიმების პრაქტიკის აღმოფხვრა.
- სამოქალაქო სექტორის საქმიანობისთვის ხელის შეწყობა.
- ევროპული საექსპერტო ორგანოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
საქმეთა ჯგუფში, რომელზეც სტრასბურგი ზედამხედველობას ახორციელებს, შედის არაერთი აქტივისტის საჩივარი, მათ შორის გიგა მაქარაშვილის, ნატა ფერაძის, ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა მოქალაქეების საქმეები. ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის განხილვა 2027 წლის ივნისამდე დარჩება დღის წესრიგში.
ჯერჯერობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.