საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მომხდარმა ინციდენტმა, სადაც მოზარდმა სიმღერისას გონება დაკარგა და წაიქცა, საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. მოზარდის დედა, თამარ აკობია აცხადებს, რომ მისი შვილი ეთერში წაქცევის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურადღებოდ დარჩა.
„ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ, როგორ არ ეხმარებიან შენს შვილს, როცა გადამწყვეტია წუთები“, – განაცხადა თამარ აკობიამ.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო გუშინ მოზარდის ბებიამ, ნანა კუხალაშვილმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ბავშვი სიმღერის დროს შეუძლოდ ხდება და იატაკზე ეცემა, თუმცა გარშემომყოფები და გადამღები ჯგუფი მყისიერ რეაგირებას არ ახდენენ.
თამარ აკობიამ განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ მან სიმღერის აკადემიასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა. „მე მათ არ ვენდობი და საფრთხედ აღვიქვამ ამ ადამიანებს. ისინი საშიშები არიან არა მხოლოდ ჩემი შვილისთვის, არამედ იქ მყოფი ყველა მოზარდისთვის“, – აღნიშნა მან.
დედის თქმით, აკადემიაში ბავშვებს აიძულებდნენ ემღერათ მაშინაც კი, როდესაც მათი მეგობარი წაქცეული იყო და დახმარებას საჭიროებდა. აკობია მიიჩნევს, რომ პრობლემა არა ვიდეოს გასაჯაროებაში, არამედ პასუხისმგებელი პირების უმოქმედობაშია.
„არ ვაპირებდი სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნას, მაგრამ იმდენად არ იხდიან ბოდიშს და პირიქით, შეტევაზე გადმოდიან, რომ ეს მაძლევს საბაბს, დავიწყო სამართლებრივი დავა“, – აცხადებს თამარ აკობია.
ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მათ არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა, სადაც მოუწოდებდნენ, კადრები არ გაესაჯაროებინათ. ამ დროისთვის აკადემიის მხრიდან ოფიციალური პოზიცია დეტალურად არ გაჟღერებულა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.