საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ლაშა ტუღუში, მაუწყებლის ეთერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. ბორდის წევრები საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას და მის საჯაროობას მოითხოვენ.

ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძემ სხდომის ორშაბათისთვის, 12:00 საათზე ჩანიშვნის შესახებ აცნობა, თუმცა „სამუშაო ფორმატში“, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ პროცესი საჯარო არ იქნება და არც ტრანსლირება მოხდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლაშა ტუღუშის მხრიდან კრიტიკული პასუხი მოჰყვა. მან მაღლაფერიძეს დამატებითი წერილი გაუგზავნა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხდომაზე მხოლოდ ტექნიკური პერსონალი კი არა, გენერალური დირექტორი, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.

ბორდის წევრები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ სხდომა არა ორშაბათს, არამედ ხვალვე გაიმართოს. მათი მოთხოვნაა, პროცესი სრულად გამჭვირვალე იყოს და ტრანსლირება განხორციელდეს როგორც სოციალური ქსელების, ისე პირველი არხის პირდაპირი ეთერის საშუალებით.

მომხდარი ფაქტის ირგვლივ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და ბორდის წევრებს შორის დაპირისპირება ღია ფაზაში გადავიდა. ამ ეტაპზე უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაცია საბჭოს წევრების მოთხოვნას სხდომის დაჩქარებისა და მისი პირდაპირ ეთერში გაშუქების შესახებ.