პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტს აინიცირებს. ინიციატივის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

პოლიტიკური გაერთიანების შეფასებით, 2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში ხელისუფლებამ არაერთი რეპრესიული ნორმა მიიღო. პარტიაში მიიჩნევენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.

„ხელისუფლების მიერ მიღებული დრაკონული კანონები აგრესიული ნაბიჯია, რომლის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის დევნაა. „ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად კანონებს სწორედ მაშინ ამკაცრებს, როცა მის მიმართ პროტესტი ყველაზე აქტიურია“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, დღეს მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო აკავებენ. ფარულავას განცხადებით, დაწესებული სასჯელი არაპროპორციულია და კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას არსებითად ზღუდავს.

ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული საკანონმდებლო გარემოს სრული აღდგენა. პარტიაში აღიარებენ, რომ მაშინდელი მდგომარეობა იდეალური არ იყო, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ სტატუს კვოს დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი.

„უფლებააყრილი საზოგადოება ვეღარ ემსახურება მის წევრთა საუკეთესო ინტერესებს და ზოგადად გადარჩენის იმუნიტეტს კარგავს“, - აცხადებენ პარტიაში.

„გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტონ საზოგადოებაზე თავდასხმა და მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ ინიციატივას. მათი თქმით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს გარეშე ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დაცვა და საგარეო ამოცანების შესრულება შეუძლებელია.