ბრიუსელში 11 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის „გაძლიერებული დიალოგი“ გაიმართა. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ევროკავშირმა ქართველი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი დროებით შეაჩერა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანი იმ ვითარების გამოსწორებაა, რამაც უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.

შეხვედრის შემდეგ, ევროპულმა მხარემ დიალოგი „უშედეგოდ“ შეაფასა. რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლები ქართული მხარის არგუმენტებით შთაბეჭდილების ქვეშ არ დარჩენილან. წყაროების ცნობით, თბილისის დელეგაცია იცავდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა გაუქმებასაც ბრიუსელი ითხოვს.

ქართული მხარე აცხადებს, რომ შეხვედრაზე დელეგაცია ტექნიკური ჯგუფის სახით იყო წარმოდგენილი და წამოჭრილი საკითხები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. თბილისი ამჟამად მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს ესწრაფვის.

საქართველოს საგარეო უწყების პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერება „უსამართლო“ გადაწყვეტილებაა. უწყების მტკიცებით, ევროკავშირის მოთხოვნა კანონების გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან ისინი „ეროვნულ ინტერესებს“ ემსახურება.

სამინისტროს განცხადებით, დიალოგის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიგრაციისა და კორუფციის თემებიც. თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს თანამშრომლობა „ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის“ პრინციპებზე დაყრდნობით.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა კი ქართული მხარის რიტორიკა, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე „აგენტებსა“ და „ძალადობრივ პროტესტებს“ ეხებოდა, „პროპაგანდად“ შეაფასეს. მოლაპარაკებების მომავალი ამ ეტაპზე ბუნდოვანი რჩება.