საქართველოს პროკურატურამ, აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, თაღლითური სქემები გაშიფრა. გამოძიების თანახმად, ორი დაჯგუფება მოქალაქეებს აშშ-სა და კანადაში ლეგალურად მოხვედრისა და თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბ დოკუმენტებს სთავაზობდა.
პირველი დაჯგუფება, რომელიც ოთხი პირისგან შედგებოდა, 366 მოქალაქეს მოემსახურა. მათი „სერვისი“ გულისხმობდა თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო ყალბი მტკიცებულებების შექმნას. თაღლითები იგონებდნენ ისტორიებს პოლიტიკური დევნის ან სექსუალური ორიენტაციის გამო შევიწროების შესახებ, რასაც სასამართლოში მხარდაჭერის პირობასაც აყოლებდნენ.
სქემა საკმაოდ დეტალური იყო და განსაზღვრული ტარიფები ჰქონდა: გამოგონილი ისტორიის შექმნა 1000-დან 1500 დოლარამდე ღირდა, ყალბი დოკუმენტების მომზადება — 3000 დოლარი, ხოლო საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაჯგუფება კლიენტს 6-დან 8 ათას დოლარამდე სთხოვდა. გარდა ამისა, ჯგუფის წევრები აშშ-ის მიგრაციულ ცენტრებში დახმარებას ჰპირდებოდნენ მოქალაქეებს, თუმცა რეალურად არანაირი მომსახურება არ გაუწევიათ.
მეორე დაჯგუფება კონცენტრირებული იყო აშშ-ის ვიზების მიღებაზე. მათ 65 მოქალაქისთვის მოამზადეს ყალბი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ზოგიერთმა მათგანმა ვიზის მიღებაც კი მოახერხა. თუმცა, აშშ-ის საელჩომ მალევე გამოავლინა გაყალბების ფაქტები და ვიზები გააუქმა. გამოძიების მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ამ ჯგუფმა კლიენტებისგან 142 786 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო მიითვისა.
სამართალდამცავებმა პროვოკაციული ღონისძიებაც ჩაატარეს: ერთ-ერთმა პროკურორმა კლიენტის როლი მოირგო, რის შედეგადაც დაჯგუფებამ მას 800 დოლარად დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი და ცნობა სამსახურიდან.
ამ დროისთვის ორივე დაჯგუფებიდან ცხრა პირს აქვს წარდგენილი ბრალი თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.