დღეს დოკუმენტური ფილმის, „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაცია გაიმართა. ნამუშევარი, რომელიც ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადდა, ქართული პარასპორტული მოძრაობის განვითარებასა და სპორტსმენთა ცხოვრებას ეძღვნება.

ფილმის რეჟისორმა, ბაჩო ოდიშარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მიზანი მხოლოდ ცალკეული პარალიმპიელების ისტორიების მოყოლა არ ყოფილა. ავტორებს სურდათ, მაყურებლისთვის სრულფასოვნად ეჩვენებინათ ის გზა, რომელიც საქართველოში ამ მოძრაობამ გაიარა.

„პარასპორტი უნიკალური მოვლენაა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ყოველ წელს სპორტსმენები შედეგებს აუმჯობესებენ და წელიწადში 100-ზე ნაკლები მედალი არ გვაქვს. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩვენმა პარასპორტსმენებმა 30-ზე მეტი მედალი მოიპოვეს“, — განაცხადა ოდიშარიამ.

რეჟისორის თქმით, ფილმზე მუშაობის პროცესი შემოქმედებითი ჯგუფისთვისაც დიდი შთაგონების წყარო იყო. ის იმედოვნებს, რომ საზოგადოება ნანახით ანალოგიურ ემოციას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში საქართველოში პარასპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, თუ 2012 წლამდე ქვეყანაში სულ სამი პარასპორტსმენი იყო, დღეს მათი რიცხვი 300-ს აღემატება, რომლებიც სპორტის 14 სახეობაში ასპარეზობენ.