ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების გაჯანსაღების შანსს აძლევს, თუმცა ეს შესაძლებლობა მკაფიო პირობებს უკავშირდება. „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ბურთი ახლა „ქართული ოცნების“ მოედანზეა.

გეგელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ბოლოდროინდელი გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ნათელი პასუხი იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ამერიკული დელეგაციები საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად უყენებდნენ.

„მარკო რუბიოს განცხადებამ სრული სიზუსტით მოფინა სიცხადე იმ მოთხოვნებს, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს დაუყენა. ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა რეჟიმის მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე არ მოხდება“, — განაცხადა გეგელიამ ბრიფინგზე.

პოლიტიკოსის თქმით, ამერიკის მიერ დადგენილი „ფასი“, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზაციისთვისაა საჭირო, მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ანტიამერიკული რიტორიკის სრული შეწყვეტა;
  • შუა დერეფნისა და ანაკლიის პორტის განვითარების დაჩქარება;
  • ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება ჩინეთზე;
  • ირანთან რევერანსების შეწყვეტა;
  • სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღება, რაც თავისუფალი არჩევნების გარანტი იქნება.

გრიგოლ გეგელიამ ხაზი გაუსვა, რომ ზემოაღნიშნული პირობების გარეშე ნებისმიერი სხვა განცხადება თუ ინიციატივა მხოლოდ „ბელეტრისტიკაა“. მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, მისი თქმით, „სიების აღდგენის“ თემით აშშ-ის რეალური მოთხოვნების გადაფარვას ცდილობენ.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთან ურთიერთობის ტრაექტორიის შეცვლას ელოდება. „მათ გვკითხეს, რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ პასუხი გავეცით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას“, — განაცხადა რუბიომ.

გეგელიამ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ნორმალიზაცია მხოლოდ ამ მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. „გემს მიხედეთ, ბატონებო, გემს!“, — მიმართა მან ხელისუფლებას.