თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 ივნისს „საქართველოს რკინიგზაში“ გამოვლენილი მასშტაბური კორუფციული სქემის საქმეზე რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულთა შორის არის რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, რომელიც საქმის მთავარ ფიგურანტად სახელდება.

დავით ფერაძესა და შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ მფლობელ ზაზა ბიძინაშვილზე სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს. გამოძიების ინფორმაციით, ფერაძემ ქვეყანა 2025 წლის სექტემბერში დატოვა, ბიძინაშვილი კი საქართველოში 2022 წლიდან არ იმყოფება.

მათთან ერთად პატიმრობაში რჩებიან: გიორგი კურტანიძე, ანზორ ჯამალაშვილი, მალხაზ ომარაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი, რევაზ რევაზიშვილი და გიორგი მარუკაშვილი. ბრალდებულთა უმრავლესობა სასამართლოში გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ევა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დანაშაულებრივი სქემა და მილიონიანი ზიანი

გამოძიების ვერსიით, დავით ფერაძემ 2019 წელს ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანიც რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის მითვისება იყო. სქემაში ჩართული იყვნენ როგორც რკინიგზის მაღალჩინოსნები, ისე კერძო კომპანიები, რომლებიც ლითონის „გათეთრებას“ უზრუნველყოფდნენ.

სუსის მონაცემებით, 2020-2021 წლებში ჯგუფმა 22 120 ტონა შავი ლითონი მიითვისა. გატანილი ლითონი ძირითადად რუსთავის საწარმო „ჯეოსთილში“ ხვდებოდა, საიდანაც შემოსული 17,4 მილიონი ლარი ბრალდებულებს შორის ნაწილდებოდა.

გარდა ამისა, გამოიკვეთა 2022 წლის ეპიზოდი, სადაც შპს „რაველდთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაიზარდა. ამ მოქმედებამ „საქართველოს რკინიგზას“ 403 844 ლარის ზიანი მიაყენა.

პროკურატურის შეფასებით, საერთო ჯამში, სახელმწიფო კომპანიამ ბრალდებულთა ქმედებების შედეგად დაახლოებით 18 მილიონი ლარი იზარალა.

თანამშრომლობა გამოძიებასთან

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, რევაზ რევაზიშვილმა, დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. პროკურორ ანი ლეკიაშვილის თქმით, საპროცესო შეთანხმების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც ბრალდებული მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზას“ 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა.