პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ აგებულ საარჩევნო ნარატივს აკრიტიკებს და მას „ნაგავში გადასაგდებს“ უწოდებს. მისი თქმით, სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა და ქვეყნის მიერ ევროკავშირის ვექტორის მკაფიოდ გაცხადებამ ხელისუფლებას მთავარი არგუმენტები დაუსუსტა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთს სომხეთში გაცილებით ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, მოსაზრება, რომ მოსკოვმა სომხეთში ვერ გაბედა ომი, ხოლო საქართველოში ამის რისკი მაღალია, პოლიტიკურად უსაფუძვლოა.

„სააკაშვილის ფაქტორი“ და სამომავლო ტრიუკები

გია ხუხაშვილი შიდაპოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილის როლსაც შეეხო. პოლიტოლოგის აზრით, წლების განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილს „მტრის ხატად“ იყენებდა, რაც მათ საარჩევნო გამარჯვებებში ეხმარებოდა.

„სააკაშვილი, როგორც ბუა, ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყენა. ის თავისი არაადეკვატურობით მუდმივად ივანიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს. თუმცა, დღეს მას ყავლი გაუვიდა“, — აცხადებს ხუხაშვილი.

შესაძლო „გაძევება“ და საერთაშორისო ვაჭრობა

ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ქვეყნიდან გააძევოს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, უკრაინასთან და ამერიკასთან გარკვეული „ტრიუკები“ ჩაატაროს.

„ცდილობს ბიძინა, რომ რაღაც ტრიუკები ჩაატაროს, ვითომ უკრაინას ელაპარაკება, ვითომ ამერიკასთან ალაგებს. ამ კონტექსტში შეიძლება ამოკრან წიხლი და გააგდონ. არ გამიკვირდება, თუ ასე მოხდა, რადგან სააკაშვილი აღარ არის არანაირი ფაქტორი“, — განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისივე შეფასებით, შიდა პოლიტიკაში ყოფილი პრეზიდენტი ანტიგმირის რანგშიც კი განულებულია და მისი გავლენა მინიმუმამდეა დასული.