„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარაში იმყოფება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ამ შანსს არ იყენებს. წერეთლის განცხადებით, მავნე გავლენების წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული ახალი კანონპროექტი საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

წერეთლის თქმით, რუსეთის დასუსტება და უკრაინაში მისი მარცხი, ევროკავშირის გაფართოების პროცესი და აშშ-ის გაზრდილი ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ, ქმნის იმ ფონს, სადაც საქართველოს შეუძლია საკუთარი სტრატეგიული ამოცანების გადაჭრა. მისივე თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაც გამოხატავს მზაობას, საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დასავლურ პროცესებში.

„ვხედავთ, რომ საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები დგება. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. საქართველოში კი საპირისპირო ხდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ბრიფინგზე.

„ქართული ოცნება“, რომელიც რეჟიმად ჩამოყალიბდა, პრაქტიკულად ყველა ნაბიჯს საწინააღმდეგოდ დგამს, იქნება ეს - პოლიტიკური ოპონენტების დევნა, თავისუფალი არჩევნების პერსპექტივის მოსპობა, რეპრესიული კანონმდებლობა თუ ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედებები.

წერეთლის შეფასებით, აშშ-ის კონგრესის მიერ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, კანონპროექტის შინაარსი ადეკვატურად აღიქვას და შეცვალოს კურსი, რომელიც, ოპოზიციის ლიდერის შეფასებით, ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს აზიანებს.

პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ არსებული საერთაშორისო დინამიკა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც სათანადო პოლიტიკური ნების გარეშე შესაძლოა დაიკარგოს.