„ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმაურება და მას ევროკავშირში გაწევრიანების მოდელების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობისკენ მოუწოდებს. გეგელიას თქმით, ევროკავშირში წლებია არსებობს სხვადასხვა ფორმატი, რომელთა მიზანი ასპირანტი ქვეყნებისთვის გაწევრიანების პროცესის გამარტივებაა.
გეგელიას განმარტებით, მსჯელობა ისეთ მოდელებზე, როგორიცაა „ორმაგი სიჩქარის“ გაწევრიანება ან განვითარების ტემპებზე დაფუძნებული მიდგომები, საერთაშორისო პოლიტიკაში მიღებული პრაქტიკაა. მისი თქმით, ეს პროცესები არ ემსახურება ქვეყნების კლასიფიკაციას, არამედ მიზნად ისახავს ინტეგრაციის შესაძლებლობების გაფართოებას.
„პაპუაშვილს ვურჩევდი, გაეცნოს სამეცნიერო ლიტერატურას ამასთან დაკავშირებით, მათ შორის პროფესორი ჯეიმს ბელამის ნაწერებს და ნაკლებად მოუწევს ისტერიული განცხადების გაკეთება, რაც დღეს გააკეთა,“ - აცხადებს გეგელია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერება რუსული ინტერესების ნაწილია. მისი თქმით, რუსეთი უკმაყოფილოა საკუთარი გავლენის შესუსტებით რეგიონში, მათ შორის სომხეთსა და მოლდოვაში, რაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზეც აისახება.
გეგელიას მტკიცებით, არსებობს მკაფიო დაკვეთა, რომ საქართველომ სრულად შეწყვიტოს ევროპული კურსი და უკან გაიწვიოს უკვე არსებული ვალდებულებებიც კი. მისი შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირ ემსახურება დასავლური ინტეგრაციის საბოლოო დემონტაჟს.
„რუსეთის დაკვეთა სულ უფრო მკაფიო ხდება ამ რეჟიმის მიმართ – საერთოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და უკვე ფორმალურად უნდა იქნეს გამოწვეული უკან ისიც კი, რაც ჯერ კიდევ ფარღალალა ქაღალდზე რჩება,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.