საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინიციატივა „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის“ მეორე ფაზის ნაწილია და მიზნად ისახავს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის მქონე მონაკვეთების, ე.წ. „შავი წერტილების“ აღმოფხვრას.
რა იგეგმება მაგისტრალებზე?
პროექტის მეორე ფაზა ჯამში 32 კონკრეტულ ლოკაციას მოიცავს. სამუშაოები განხორციელდება აღმოსავლეთ საქართველოს მაგისტრალებზე, თბილისის შემოვლით გზასა და დასავლეთ საქართველოს მთავარ საგზაო არტერიებზე. განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება:
- აღმოსავლეთ საქართველო – 24 ლოკაცია;
- თბილისის შემოვლითი გზა – 4 ლოკაცია;
- დასავლეთ საქართველო – 4 ლოკაცია.
სამუშაოები მიმართული იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებისკენ. დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟს, წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, ასევე ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მშენებლობას.
უსაფრთხოების სტანდარტების განახლება
ინფრასტრუქტურული ცვლილებების გარდა, პროექტი ითვალისწინებს არსებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნების სრულ განახლებას. აღნიშნული სამუშაოების მიზანია, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, ისე მათი სიმძიმის შემცირება.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ადმინისტრირებას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) უზრუნველყოფს. სამუშაოების დაწყება 2026 წელს იგეგმება, ხოლო დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 2026 წლის 20 ივლისის 15:00 საათამდე შეუძლიათ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.