„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ოპოზიციურ სპექტრში, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს „აჯაფსანდალს“ უწოდებს. მისი განცხადებით, პარტიაში არსებული გაურკვევლობა ლიდერების ურთიერთდაპირისპირებითა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით დასტურდება.
ზარქუამ ყურადღება გაამახვილა თინა ბოკუჩავასა და ნანული ოქრუაშვილის გარშემო ატეხილ ხმაურზე. დეპუტატის თქმით, გაუგებარია, ვინ მართავს რეალურად პარტიას და რა სტატუსი აქვთ კონკრეტულ ფიგურებს.
„დავიბენი უკვე, ნანულამ პოსტი შემომთავაზესო, ბოკუჩავამ ამის არ მჯერაო. სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? ქაოსი აქვთ,“ – განაცხადა ზარქუამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებსაც ის „ფანჩატურის“ კონტექსტით მოიხსენიებს, ემოციურ ნიადაგზეა დაფუძნებული და უცხოური დაკვეთების მიუხედავად, შიდა ბრძოლებს ვერ სცდება. მისი თქმით, პარტიაში ბელადომანიაა გამეფებული.
ზარქუამ ასევე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის როლიც და აღნიშნა, რომ მიუხედავად პარტიიდან მისი ფორმალური ჩამოცილების მცდელობებისა, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ რჩება ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილის ორიენტირად. დეპუტატის აზრით, ესეც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.
„რასაც ვხედავთ, გიჟების დოღია. ვინ გაიმარჯვებს ამ დოღში, ვნახოთ. პოლიტიკურად გიჟები არიან – ეს ტერმინი კარგი გაგებით უნდა გავიგოთ,“ – დასძინა ზარქუამ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.