საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია შიდა ბრძოლების რეჟიმშია.

ზარქუას შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება „ნაცებს“, „ნეო ნაცებსა“ და „კარენოი ნაცებს“ შორის მიმდინარეობს, სადაც მხარეები პირველობისთვის იბრძვიან. მისი თქმით, კულისებიდან მიღებული ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უკვე ნანობენ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვნენ.

„კულისებიდან ინფორმაცია გამოდის, ვის რა პოზიცია ჰქონდა და როგორ დირიჟორობდნენ გარკვეული საელჩოები, რომ არ შემოსულიყვნენ, თორემ შემოსვლა ყველას უნდოდა. ისინი ხარობდნენ იმ შედეგებს, რაც მიიღეს, რადგან ასეთ შედეგებს არც ელოდნენ“, - აღნიშნა ზარქუამ.

დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტიის შიდა დინამიკაზე და „ბელადის“ როლზე, რომელიც მისივე თქმით, პროცესებს დისტანციურად მართავს. ზარქუას განცხადებით, პარტია ცდილობს „ახალი სისხლის“ გადასხმის იმიტაცია შექმნას, რაც, მისი შეფასებით, მხოლოდ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები და „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ. ნანუკა შემოჰყავს პოლიტიკაში, თითქოს ეს რევოლუციური გადაწყვეტილება იყოს. ისედაც ჩართული იყო პროცესებში, ახლა კი უბრალოდ მორიგი სიგიჟე სჭირდებათ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ოპოზიციური ალიანსი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, არაორგანიზებული და წინააღმდეგობრივია. ზარქუამ აღნიშნა, რომ მისთვის ეს პროცესები პოლიტიკურად ნაკლებად საინტერესოა და მათ მხოლოდ ირონიით უყურებს.

„ერთმანეთს ატყუებენ, თან უნდათ, იმ ე.წ. ალიანსში პირველობა აიღონ და აჯაფსანდალია. სიმართლე გითხრათ, ისინი არც მაინტერესებს, ვხალისობთ ხოლმე. ატარონ რევოლუციები კოლექტიურ ნაცმოძრაობაში და ქვეყანას თავი დაანებონ“, - დასძინა მან.